საქართველოს პრეზიდენტის დუმილი, რომელიც ილჰამ ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისაგან თავშეკავებას გულისხმობს, ჩვენი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს.
თეა წულუკიანის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილისგან მილოცვაზე თავშეკავება „პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს“.
„გვინდა, ყველას შევახსენოთ, შევახსენოთ ჩვენს პრეზიდენტს, რომ ბოლო წლებში რეგიონში გაზრდილია გეოპოლიტიკური, უსაფრთხოების რისკები, საქართველოს მთავრობა დღენიადაგ ზრუნავს, რომ ეს რისკები დააზღვიოს. ამ ფონზე, პრეზიდენტი, რომელიც არის მთავარსარდალი, თავს იკავებს, არჩევნებში გამარჯვება მიულოცოს ჩვენს მეზობელ პარტნიორ, მეგობარი სახელმწიფოს მეთაურს. ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ამას კიდევ არა უშავს, ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ეგრეთ წოდებული პატრონებისგან, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე. მისი მიზანი უნდა იყოს, როგორც პრეზიდენტმა, წინასწარ დააზღვიოს ჩვენი ქვეყნის საფრთხეები, მაქსიმალურად მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა იქონიოს ისეთ საუკეთესო მეზობლებთან, რომელთა შორის არის აზერბაიჯანი, თუმცა როგორც ჩანს, მისი მიზანია, მეტი რისკი იყოს ამ ქვეყანაში, გაიზარდოს ეკონომიკური საფრთხეები და ასე შემდეგ. ეს, სულ მცირე, დასანანია. ასევე, გაზიარებული ვერ იქნება ახსნა, რომ ჯერ საბოლოოდ არ არის დადასტურებული გამარჯვება და ამიტომ არ ულოცავს ალიევს. ჩვენ გვახსოვს თუნდაც ერთი მაგალითი, როცა ქალბატონმა სალომემ არჩევნების შედეგების ოფიციალურად დადასტურებამდე მიულოცა მაკრონს, რაც ბუნებრივი და მისასალმებელი იყო“, – განაცხად თეა წულუკიანმა.