საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას ნამდვილად არ ვაპირებ – ყველას, პირველ რიგში, უმაღლესი თანამდებობის პირების მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ დაიცვას კანონი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის უზენაესობა არის ის მთავარი პრინციპი, რომლითაც ქვეყანამ ევროპის გზაზე უნდა იაროს.
„საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ვინაიდან, ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს და ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უმაღლესი თანამდებობის პირების მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ დაიცვას კანონი. კანონის უზენაესობა არის სწორედ ის მთავარი პრინციპი, რომლითაც ჩვენ უნდა ვიაროთ ევროპის გზაზე და ევროინტეგრაციის პროცესში ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა შამუგიამ.