საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა.
როგორც კატუკია აცხადებს, გადადგომის თაობაზე მის გადაწყვეტილებას წინ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა უძღოდა.
“ძვირფასო თანამემამულენო, ძვირფასო მეგობრებო, დღეს მე ვტოვებ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობას. 1-ელ მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარვუდგინე გადადგომის თაობაზე ჩემი განცხადება, რომელიც ძალაში შევიდა დღეს, 1-ელ ივლისს.
მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს იმ ნდობისთვის, რომელიც მან 2019 წელს გამომიცხადა ელჩის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენით. ჩემთვის აღნიშნული თანამდებობა მხოლოდ და მხოლოდ დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდებოდა. დაკისრებული მანდატის შესრულების განმავლობაში ჩემს მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ინტერესების მაქსიმალური დაცვა, პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, და საფრანგეთსა და ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის დაახლოება. გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ჩემზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა.
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 25 წელიწადი გავატარე საფრანგეთში და ვფლობ საფრანგეთის მოქალაქეობას, თანამდებობაზე დათანხმებისას არ მიფიქრია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა საზღვარგარეთ ჩემი განვლილი პროფესიული გზა და ჩემი პოლიტიკური მიუკერძოებლობა. პირველივე დღიდან გავხდი საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ვიცავ და იმ მიზნებსა და მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მიმართ გამაჩნია.
ღრმად მჯერა, ზემოთაღნიშნული ქმედებები, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოსთვის მიუღებელია, არ ასახავს ქართული საზოგადოების რეალობას. ჩვენი საზოგადოების მისწრაფებები ეფუძნება თავისუფლებისა და სამართლიანობის ღირებულებებს – იმ ფასეულობებს, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ფუნდამენტური და განუყოფელია, და რომლებიც გვაკისრებენ ერთიანობისა და პასუხისმგებლობის ვალდებულებას. აღნიშნულ მდგომარეობას ჩემთვის ხელი არ შეუშლია დაკისრებული მისიის შესრულებაში, რა თქმა უნდა, დიდი პირადი ძალისხმევის ფასად და კოვიდ – 19 – პანდემიის გამო საქმიანობის მნიშვნელოვნად შეზღუდვის პირობებში. ჩემი მანდატის მანძილზე მტკიცედ ვაგრძელებდი საფრანგეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას. აღნიშნული მისია განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა და ატარებს იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება. დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დემოკრატიული განვითარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ არჩევანზე არის დამოკიდებული.
აღნიშნულ გადამწყვეტ კონტექსტში კი, მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული პრობლემები, რამდენადაც თავად გავხდი მოწმე და რომლის წინაშეც დგას საქართველოს დიპლომატიური სამსახური, ხელს უშლის ქვეყანას ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარებაში ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ.
თუკი დღეს ვტოვებ ელჩის ფუნქციას, ჩემი მზერა არ შორდება საქართველოს, ახალ პროფესიულ ეტაპზეც განვაგრძობ ქვეყნის პოლიტიკურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვას და ძალისხმევას არ დავიშურებ, რათა ევროკავშირისკენ და ზოგადად, დემოკრატიული, პროგრესული და ტოლერანტული ღირებულებებისკენ საქართველოს სვლა გახდეს შეუქცევადი“, – წერს კატუკია სოციალურ ქსელში.