„საფრანგეთი ევროპისათვის უკვე მისაბაძ ქვეყანას აღარ წარმოადგენს“ – Le Figaro

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ (Le Figaro) ბეჭდავს სტატიას სათაურით „საფრანგეთი ევროპისათვის უკვე მისაბაძ ქვეყანას აღარ წარმოადგენს“ (ავტორი – რენო ჟირარი).

რა მოუვიდა საფრანგეთს? რატომ აღარ ამაყობენ ფრანგები საკუთარი ქვეყნით? ფრანგი კონსერვატიული პუბლიცისტი რენო ჟირარი, რომელსაც ხშირად აბრალებენ რუსოფილობას, თვალს ადევნებს ქვეყნის დაცემას – დიდი შარლ დე გოლის პერიოდიდან „დასუსტებულ“ ფრანსუა მიტერანამდე და ემანუელ მაკრონამდე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დღეს გაოცებული ევროპელები ჩვენს ქვეყანას ისე უყურებენ, როგორც ჩაძირვის პროცესში მყოფ ლაინერს, სახელწოდებით „მშვენიერი საფრანგეთი“. როგორი გახდა ასეთი ჩვენი ქვეყანა? დღეს საფრანგეთი არის სახელმწიფო, რომლის მოსახლეობა ევროკავშირში ყველაზე მაღალ გადასახადებს იხდის, მაგრამ სადაც ხელისუფლებას არ შეუძლია მოსახლეობა უზრუნველყოს მინიმუმითაც კი – ქუჩებში უსაფრთხოებით.

დღეს ამ ქვეყანაში დაუსჯელად წვავენ სკოლებს, თავს ესხმიან ქალაქების მერებს, ძარცვავენ და არბევენ მაღაზიებს… დღეს ამ სახელმწიფოს, 40 წლის განმავლობაში, 300 მილიარდი ევროს ვალი აქვს. საკვირველია, საიდან ამდენი ვალი? ამ წლების განმავლობაში ჩვენს მიწაზე ხომ არც ომები არ მომხდარა, არც გიგანტური ცუნამები და წყალდიდობები არ ყოფილა, არც ისეთი მოვლენა, როგორიც დასავლეთ გერმანიის მიერ მისი ღარიბი ნაწილის – აღმოსავლეთ გერმანიის „შთანთქმა“ იყო? საფრანგეთის ბიუჯეტში ვალების მომსახურება უკვე მის სამხედრო ხარჯების მოცულობას აღემატება. დღეს „მშვენიერი საფრანგეთი“ შიშით კანკალებს – ვაითუ ამერიკულმა სარეიტინგო კომპანიებმა რეიტინგი დამიწიონ და არასაიმედო მევალეების რანგში გადამიყვანონო. ეჰ, მეხუთე რესპუბლიკის შემქმნელი დიდი შარლ დე გოლი, ალბათ, ჯავრით კუბოში გადაბრუნდებოდა, ეს რომ გაეგო.

სამი დიდებული ომისშემდგომი ათწლეული

ხომალდ „საფრანგეთის“ დაღუპვა იმიტომაა ძალიან სამწუხარო, რომ ოდესღაც მისი ძლიერებით და კულტურით მთელი ევროპა ამაყობდა და აღტაცებული იყო. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას ადრეც ჰქონდა „უბედური პერიოდები“ (მაგალითად, მის ტერიტორიაზე ბოლო 30 წელიწადში ორი მსოფლიო ომი მიმდინარეობდა). მათ გენერალი შარლ დე გოლი „დიდ უბედურებებს“ უწოდებდა. მაგრამ 1945 წლის შემდეგ საფრანგეთი, როცა თავისი ბოლო „უბედურება“ გადაიტანა, საქმეს შეუდგა და აღმშენებლობა დაიწყო… თანაც როგორი ტემპით, შემართებით და წარმატებით! შარლ დე გოლისა და ჟორჯ პომპიდუს მმართველობის დროს ყველაფერი იყო – ენთუზიაზმიც, სამოქალაქო პოზიციაც, ნოვატორობაც…

იმ საფრანგეთს, რომელსაც 1960-იან და 1970-იან წლებში ისეთი სახელმწიფო მოღვაწეები ხელმძღვანელობდნენ, როგორებიც იყვნენ შარლ დე გოლი, ჟორჟ პომპიდუ და რაიმონ ბარი, ყველა აღტაცებული შეჰყურებდა. პარიზი მისაბაძი იყო ეფექტური სახელმწიფო მმართველობით, წარმოების ტემპების მატებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ნორმალური მდგომარეობით, მსხვილი სამშენებლო პროექტების წარმატებული რეალიზებით, ატომური ენერგეტიკის მიღწევებით, ჩქაროსნული რკინიგზებით და ზებგერითი სამოქალაქო ავიაციით. საამაყო იყო ჩვენი განათლების სფეროს წარმატებები – საშუალო სკოლებში (ლიცეუმებში) სწავლა უფასო და მაღალხარისხიანად ხდებოდა, გარანტირებული სოციალური კარიერით. ტერმინ „დისციპლინას“ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. როცა ჩვენ გერმანიაში მივდიოდით, ან შვეიცარიაში და ჰოლანდიაში, ვამაყობდით, რომ ფრანგები ვიყავით. დიახ, ჩვენი ცხოვრების დონე შესაძლოა მეზობლების ცხოვრების დონეზე ცოტა ნაკლები იყო, მაგრამ საფრანგეთი წარმოადგენდა იმ სახელმწიფოს, რომელიც არავისზე არ იყო დამოკიდებული, რომელმაც შექმნა საკუთარი ბირთვული იარაღი და სუვერენულ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. ჩვენ ვიყავით ამერიკის მოკავშირეები, მაგრამ არასოდეს არ ვემორჩილებოდით ვაშინგტონს.

მართალია, ფრანგული საზოგადოება მემარცხენეებად და მემარჯვენეებად იყო დაყოფილი, მაგრამ მთლიანობაში საფრანგეთი ერთიან და თავის ისტორიულ-ეროვნულ ფასეულობებზე მდგარ სახელმწიფოს წარმოადგენდა. როცა გარდაიცვალა ჯერ შარლ დე გოლი, შემდეგ კი მისი მემკვიდრე ჟორჟ პომპიდუ, მთელი ქვეყანა გულწრფელად გლოვობდა, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს როგორც მემარჯვენეებმა, ასევე მემარცხენეებმა. დიახ, იმ დროს სახელმწიფო ხელისუფლებას პატივს სცემდნენ. სახელმწიფო ინსტიტუტები იმდენად ძლიერი იყო, რომ როცა 1981 წელს ამომრჩევლებმა ხელისუფლება მემარცხენეებს გადასცეს, მმართველობის ცვლა ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე, ცივილიზებურად განხორციელდა, აბსოლუტურად მშვიდობიანად.

უბედურების დასაწყისი: მემარცხენე ულტრალიბერალური „ჰუმანიზმი“

ვაი, რომ სოციალისტები, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებაში 1981 წელს მოვიდნენ, საფრანგეთი სამუდამოდ უკან დასწიეს კონსერვატიული პოლიტიკისაგან მაცდურ მოდუნებულობისაკენ. მემარცხენეებმა დაამკვიდრეს დონდლოობა და მემარჯვენეები ზედმეტ სიმკაცრეში დაადანაშაულეს. უდიდესი ტრაგედია მოხდა იმით, რომ საფრანგეთში დაშვებული იქნა თავისუფალი იმიგრაცია, მოეშვა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განათლების სფერო. ყოველგვარი სირცხვილის გარეშე ფრანგმა მინისტრმა-ლიბერალებმა თავიანთი შვილების მიბარება კერძო სკოლებში დაიწყეს და ვერ ამჩნევდნენ იმ დამღუპველ ცვლილებებს, რაც საზოგადოებაში ხდებოდა – მათ ხომ ქარხნებში და მუშა-მოსამსახურეთა დასახლებებში სირული სეწყვიტეს.

საფრანგეთის სოციალისტური პარტიის დაპირებების ტრაგიკული შეუთავსებლობა რეალურ პოლიტიკასთან იმაში გამოიხატება, რომ მან არათუ შეამცირა, პირიქით – უფრო გააძლიერა შესაძლებლობათა უთანასწორობა. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფდა ფრანგების ისტორიული ტრადიციის რეალიზებას – მომავალი თაობის აღზრდას ეროვნულ ფასეულობებზე. სახელმწიფო ფაქტობრივად არ ზრუნავდა სკოლებზე, ოჯახებზე… სწორედ ამიტომ ფრანსუა ოლანდის სოციალისტთა რეიტინგი ფანტასტიკურად დაეცა (ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში – 1,74%-იანი შედეგი). ისინი ამ ზიანს ვერაფრით ვერ აინაზღაურებენ.

„კულტურული მემარცხენეობა“ ქვეყანას ღუპავს

საფრანგეთის დაცემის ბოლო 40 წლიანი პერიოდის განმავლობაში მემარჯვენეები ხელისუფლებაში ბრუნდებოდნენ, მაგრამ ისინი ვერ ასწრებდნენ იმ უბედურების გამოსწორებას, რაც ქვეყანას ლიბერალებმა მიაყენეს. რა თქმა უნდა, მემარჯვენეებიც უშვებდნენ შეცდომებს – პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა დიდი სისულელე ჩაიდინა, როცა სავალდებულო სამხედრო სამსახური გააუქმა, ხოლო ნიკოლა სარკოზიმ – როცა უარი თქვა „ორმაგ სასჯელზე“, ანუ ქვეყნიდან დამნაშავე უცხოელების დაუყოვნებლივ გაძევებაზე, სასჯელის მოხდის შემდეგ.

მიგრაციისადმი 40-წლიანი უყურადღებობის შედეგად ფრანგული სკოლის ეროვნული სახე შეიცვალა. სახელმწიფომ თავისი დუნე პოლიტიკით ქვეყანაში, ფრანგულთან ერთად, მეორე უცხო საზოგადოებაც შექმნა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ფრანგულ ფასეულობებთან. მიგრანტები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობდნენ – ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩამოსულებმა თან წამოიყოლეს ნარკოტიკები და სხვა ბევრი უბედურება…

ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ საფრანგეთი ამ დროს სხვა ევროპულ ქვეყნებს „მულტიკულტურალიზმის“ გაკვეთილებსაც უტარებს, მაგალითად, პოლონეთს და უნგრეთს. მაგრამ ჩვენს ევროპელი მეზობლებს არ სურთ ისეთი სისტემა, რომელსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ. ისინი ყოველთვის არ არიან მტყუანნი.

ჩვენი დაცემა ევროპელებს არ ახარებთ. ისინი შეშფოთებულები არიან საფრანგეთში მიმდინარე ტოტალური არეულობებით. ამავე დროს, მათ იციან, რომ საფრანგეთს დიდი მორალური და ადამიანური რესურსები აქვს. ისინი საფრანგეთის ხელისუფლებისაგან სასიკეთო ცვლილებებს ელოდებიან. მათ სჯერათ, რომ ქვეყანა გამოჯანმრთელდება.

წყარო