სადმე გაგონილა, რომ გინდოდეს სტუმრის მიღება, დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო? ეს რომელ პარტნიორულ ურთიერთობაში ჯდება? – შესაძლებელია, აშშ-ს დღევანდელ პრეზიდენტს არც ამ შეხვედრის დანიშვნა სცოდნოდა და არც გაუქმება. როგორც ჩანს, აქაც უცხოური ძალები მოქმედებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამერიკულმა მხარემ შეხვედრის გაუქმებით შეურაცხყოფა არა ირაკლი კობახიძეს, არამედ საქართველოს და ქართველ ხალხს მიაყენა.
„იმით, რომ ამერიკის დღევანდელმა ადმინისტრაციამ ჯერ დანიშნა და მერე თვითონ გააუქმა შეხვედრა, შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს კი არ მიაყენა, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს და საქართველოს. ეს რის საპასუხოდ არის იცით? როცა ქართველმა ხალხმა, მათ შორის, ქართველმა ჯარისკაცებმა თავის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად დაიცვეს მშვიდობა ერაყში, ავღანეთში თუ სხვა სახელმწიფოში. ეს არის ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი და ამერიკელების ე.წ. დაცინვითი ჯერ, როგორც ჩანს, გამოგონილი შეხვედრა და მერე გაუქმება. ესეც იმის მომასწავებელია, როცა ჩვენ გვეუბნებიან, აბა, სად ებრძვიან ქართულ ტრადიციებს? აბა, ვინ გეუბნებათ, რომ ან ომი დაიწყეო ან ტრადიციები გააუქმე? ა, ბატონო, იხილეთ ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. სადმე გაგონილა, რომ გინდოდეს სტუმრის მიღება, დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო? ეს რომელ პარტნიორულ ურთიერთობაში ჯდება? ეს არის ზუსტად იმის მტკიცებულება და როგორც ჩანს, ამაში გვეხმარებიან ჩვენი „უცხოელი მეგობრები“, ანუ უცხოური ძალები იმის მტკიცებაში, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ უცხოური ძალა ჰყავს დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციაში არა მხოლოდ ქართულ ხელისუფლებას, არამედ ქართულ სახელმწიფოს. ა, ბატონი, პირდაპირ ამბობენ, რომ დღეს ოპოზიცია არაფრის მაქნისია საქართველოში და ჩვენ ვაკეთებთ მათ მაგივრად შეურაცხმყოფელ განცხადებებს საქართველოს და ქართველი ხალხის ტრადიციების და ეკლესიის წინააღმდეგ. შესაძლებელია, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ პრეზიდენტს არც ამ შეხვედრის დანიშვნა სცოდნოდა და არც გაუქმება. როგორც ჩანს, აქაც უცხოური ძალები მოქმედებენ და შეიძლება უთხრეს, რომ იცოდე დანიშნული იყო შეხვედრა და ახლა ასეა საჭირო და გავაუქმეთო. ეს სამწუხარო მოცემულობა არსებობს და მე დარწმუნებული ვარ, ამერიკელ ხალხს ნამდვილად უნდა პარტნიორული ურთიერთობა და თავად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. „ამერიკის ხმის” ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის
მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.