სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია, ცნობილია სხვა პოლიტიკური დაჯგუფებების დამოკიდებულებებიც საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენთვის არ არის ცნობილი, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მკაფიოდ და არაორაზროვნად თქვა, რომ ის არ აპირებს სააკაშვილის შეწყალებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, „არა და არასდროს“ ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ამ საკითხზე ნაფიქრი და ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ არცერთი ვითარების შემთხვევაში, ის სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებდა.
„არ ვიცი რაიმე ისეთი ფაქტორი, რომელზე დაყრდნობითაც მან შეიძლება, ახსნას მომავალში მისი პოზიციის რაიმე ტრანსფორმაცია. თუმცა, მესმის ისიც, რომ ოპოზიციაში იქნებიან ჯგუფები და პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც ეს თემა აქტუალობას არ დაკარგავს. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ცდილობს სააკაშვილის ელექტორატი რაღაც ფორმით საკუთარ მომხრეთა რიგში ჩააყენოს. ამიტომ, სააკაშვილის გულშემატკივრობის დემონსტრირება მათთვის შეიძლება, აქტუალური იყოს. ის პოლიტიკური ძალები, ვის მოსაზებასაც შეიძლება, ახმოვანებდეს ბატონი გვარამია, ალბათ ძნელი გამოსაცნობი არ არის. რა თქმა უნდა ეს კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი და მისი გულშემატკივრებია“, – განაცხადა სარჯველაძემ.