“რუსეთზე რომ ერთხელ და სამუდამოდ გავიმარჯვოთ, უკრაინა ნატოს წევრად უნდა მივიღოთ”- The Daily Telegraph

ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფმა“ (The Daily Telegraph) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რუსეთზე რომ ერთხელ და სამუდამოდ გავიმარჯვოთ, უკრაინა ნატოს წევრად უნდა მივიღოთ“, რომლის ავტორია ლორდი მაიკლ ეშკროფტი – 77 წლის ბიზნესმენი, ფილანტროპი და სოციოლოგი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ფართოდ არის აღიარებული, რომ ომის პირველ მსხვერპლს სიმართლე წარმოადგენს. ამ მხრივ უკრაინის კონფლიქტი გამონაკლისი არ არის.

ვლადიმერ პუტინისა და მისი დამქაშების მიერ ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სიცრუე იმაში გამოიხატება, რომ მათი განცხადებით, რუსეთი ფაქტობრივად ნატოსთან ომობს. რასაკვირველია, ასეთი განმარტება უფრო იოლი და მისაღებია, როცა ახალწვეულის დედას ამ მის ახალგაზრდა დაქვრივებულ ცოლს ეუბნები – თქვენი შვილი და მეუღლე გმირულად დაიღუპა სამშობლოს დასაცავად, რომელსაც დასავლეთის 30-მდე სახელმწიფო ებრძვის.

სიმართლე, რა თქმა უნდა, სრულიად სხვაა: გასული წლის 24თებერვალს, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა და ვარაუდობდა, რომ თავის შედარებით პატარა მეზობელს რამდენიმე დღეში დაიპყრობდა, ნატოსაგან არსებითი საპასუხო რეაგირების გარეშე.

დიდად სამწუხაროა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ არის, თუმცა ქვეყანა ალიანსის პარტნიორად 1994 წლიდან ითვლება, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლიან სამი წლის შემდეგ. უკრაინა რომ ნატოს სრულუფლებიანი წევრი ყოფილიყო, რუსეთი მის ტერიტორიაზე თავდასხმას ვერ გაბედავდა – იმიტომ, რომ მოსკოვისათვის დასავლეთის მხრიდან მასირებული შურისძიება გარანტირებული იქნებოდა.

ნატო ანუ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (North Atlantic Treaty Organization), რომელიც 1949 წელს 12 ქვეყნის მიერ შეიქმნა, ამჟამად 31 სახელმწიფოს აერთიანებს. მისი მთავარი პრინციპია კოლექტიური ურთიერთდახმარება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე წევრს თავს უცხო სახელმწიფო დაესხმება.

უკრაინა გახდებოდა ნატოს წევრი, მაგრამ ჯერ-ჯერობით მისი განაცხადი არ დევს მოლაპარაკების მაგიდაზე განსახილველად – ალიანსის წევრები შიშობენ, რომ თუ უკრაინის მიღების პროცედურას დაიწყებენ, ეს აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციის გამოიწვევს. ამიტომ, ნატოს ქვეყნები უკრაინას სხვა სახით ეხმარებიან – აგრძელებენ იარაღისა და ამუნიციის მიწოდებას, მაგრამ მის ტერიტორიაზე თავიანთი შეიარაღებული ძალების შეყვანის გარეშე.

ამას წინათ ბრიტანული „ეკონომისტის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ რეალური სურათი აჩვენა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, რომელიც უკვე 21 თვე გრძელდება.

მისი აზრით, კონფლიქტი ერთგვარ ჩიხში შევიდა და თითქმის პოზიციურ ბრძოლებში გადაიზარდა, ძალთა გამოფიტვის მიზნით.

და რა ხდება ახლა? რა განწყობაა უკრაინელებში?

ომის დაწყებიდან ხუთჯერ ვიყავი უკრაინაში, ვესაუბრებოდი კიევისა და სხვა ქალაქების მოსახლეობას, ფრონტის ხაზზეც უკრაინელ ჯარისკაცებსაც შევხვდი მათი აზრის გასაგებად.

უკრაინელთა ოცნება იმით გამოიხატება, რომ დასავლეთი, უპირატესად კი აშშ, მათ რუსეთზე გასამარჯვებლად განუსაზღვრელი რაოდენობით მისცემს „ფალკონებს“ – F-16 ავიაგამანადგურებლებს – და სხვა მაღალტექნოლოგიურ და ზუსტ იარაღს, მაგრამ დღევანდელი სიტუაციის კვალობაზე, როცა მსოფლიო უკრაინის თითქმის ორწლიანი კონფლიქტით არის დაღლილი, მათი ოცნება მხოლოდ ოცნებად რჩება.

არის ორი არასასიამოვნო სცენარი, რომელთა შესახებ უკრაინელები მხოლოდ ჩუმად, კერძო საუბრების დროს ლაპარაკობენ.

პირველი – იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი უკრაინელი გადარჩეს დაღუპვას, უკრაინა საომარ მოქმედებებს წყვეტს და რუსეთს, სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, თავის ტერიტორიას უთმობს – ალბათ, ყირიმს და დონბასს.

მეორე სცენარი, რომელიც უფრო ნაკლებად სასიამოვნოა, გულისხმობს ომის გაგრძელებას, რომელიც სავარაუდოდ, შეიძლება ხუთ წელზე მეტხანს გაჭიანურდეს და რომელიც, პრინციპში, რუსეთისათვის ხელსაყრელია.

ომამდე უკრაინის მოსახლეობა 44 მილიონ მცხოვრებს შეადგენდა (ახლა კი ბევრად ნაკლებია), რუსეთისა კი 150 მილიონს. ამრიგად, გაჭიანურებული ომის შემთხვევაში რუსეთის არმიას, ცოცხალი ძალის მობილიზების თვალსაზრისით, უპირატესობა ექნებოდა.

მაგრამ არსებობს მესამე და უფრო მიმზიდველი სცენარიც, რომელსაც მე ვემხრობი: უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს ნატოს წევრი, უნდა დაჩქარდეს ალიანსში მისი გაწევრიანების პროცესი.

ნატო არ დაუშვებს ომის ისეთ დასასრულს, რომელიც უკრაინის მარცხში და რუსეთის გამარჯვებაში იქნება გამოხატული.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ხულიგნები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი – ბავშვები თუ ქვეყნების ლიდერები – ხშირად უკან იხევენ, როცა მათ წინააღმდეგ ერთ მუშტად შეკრულ გაერთიანებულ ძალას ხედავენ.

ვფიქრობ, უკრაინისათვის ნატოს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მინიჭება (მასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით), რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, ვიდრე ისეთი ბოროტი სახელმწიფო, რომელსაც ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობს, უკრაინას მთლიანად ან ნაწილობრივ გადაყლაპავს.

ეს იქნებოდა ერთდროულად კიევისადმი ღალატი და მსოფლიოსადმი არასწორი სიგნალის გაგზავნა იმ დროს, როცა გლობალური მშვიდობა ძალზე მყიფეა.

წყარო: