ევროპარლამენტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არ დააკვირდება და შესაბამისად, რუსეთში დამკვირვებლის სტატუსით გამგზავრების უფლებამოსილება არც ერთი ევროპარლამენტარისთვის არ მიუნიჭებია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესრელიზშია აღნიშნული.
“ევროპარლამენტი არ დააკვირდება ამ საარჩევნო პროცესს და, შესაბამისად, არ გააკეთებს კომენტარს არც თავად პროცესზე და არც მის შედეგებზე. ევროპარლამენტის არც ერთი წევრი არ არის უფლებამოსილი დააკვირდეს ამ საარჩევნო პროცესს ევროპარლამენტის სახელით არც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და არც უკანონოდ ანექსირებული ყირიმის და არც რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ თუ ევროპარლამენტის რომელიმე წევრი გადაწყვეტს კომენტარის გაკეთებას ამ არჩევნებზე, ისინი ამას გააკეთებენ საკუთარი ინიციატივით და „არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუთითონ ევროპარლამენტი თავიანთ განცხადებებში ან ქმედებებში“.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდება. არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი მონაწილეობს : ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი და ვლადისლავ დავანკოვი.