რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაცია უნდა განახორციელოს, ხოლო რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უნდა აგონ უმკაცრესი პასუხი, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განცხადებაშია აღნიშნული.
“7 აგვისტოს 14 წელი შესრულდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ბოროტების დაწყებიდან. თითქმის დეკადანახევრის შემდეგ, რუსეთი აგრძელებს დამპყრობლურ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპაციის ქვეშ ინარჩუნებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოს ამ ტერიტორიებზე. უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მსოფლიო საზოგადოებისგან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე სათანადო პასუხის არმიღებისას, 2014 წელს რუსეთმა განაგრძო დამპყრობლური ქმედებები უკრაინაში – განახორციელა ყირიმისა და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილის ოკუპაცია, ხოლო 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის მკაცრი დაცვისა და იმ ქვეყნების ყოვლისმომცველი მხარდაჭერით, რომლებზეც მოსკოვი ახორციელებს აგრესიას. რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაცია უნდა განახორციელოს, ხოლო რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უნდა აგონ უმკაცრესი პასუხი”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 14 წელი გავიდა.
ომს საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.