რუსეთმა უარი თქვა ოკუპირებული აფხაზეთისთვის უფასო ელექტროენერგიის მიწოდებაზე.
ამის შესახებ JAMnews-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ ახლა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობას სასწრაფოდ სჭირდება 2 მილიონ დოლარზე მეტი, რათა საჭირო ელექტროენერგიის საფასური გადაიხადოს.
აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მიღწეული ჯენტლმენური შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთი იღებს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული მთლიანი გენერაციის 40%-ს. 2020 წლამდე ეს სავსებით საკმარისი იყო.
გამოცემა განმარტავს, რომ ბოლო წლებში არალეგალურმა მაინინგმა აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ორიდან სამ მილიარდ მეგავატამდე გაზარდა. შექმნილ დეფიციტს ნაწილობრივ ფარავდა რუსეთისგან „ჰუმანიტარული დახმარების“ სახით მიღებული ელექტროენერგია, თუმცა ახლა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ამ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწევს. ამასთან, მათ ეს თანხა კვირის ბოლომდე უნდა იშოვონ.
ამასთან, დე ფაქტო მთავრობა პრობლემის გადაწყვეტას ელექტროენერგიაზე ტარიფის მომდევნო 2 წელში სამჯერ გაზრდაში ხედავს.