რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს შეაშინოს ნატო, რათა მან უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეწყვიტოს. სწორედ ამას ემსახურება ბელარუსში, ნატოს საზღვრებთან ახლოს რუსეთის ბირთვული იარაღის განთავსება. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.
როგორც რამდენიმე დღის წინ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რუსეთმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება დაასრულა. გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ლუკაშენკოს მხრიდან ადგილი აქვს ბლეფს. ამასთანავე, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო იუწყებოდა, რომ პუტინის განცხადებები ბელარუსში ბირთვული იარაღის გაგზავნის შესახებ სიმართლეს შეესაბამება. მაგრამ ღია წყაროებში ამერიკული დაზვერვა სრულ ინფორმაციას არ ავრცელებს.
„ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა გააანალიზა ღია წყაროებში არსებული ინფორმაცია და დაადგინა, რომ ავიაბაზა „ლიდა“, რომელიც ბელარუსში, ლიეტუვის საზღვრიდან 40 კმ-ში მდებარეობს, სავარაუდოდ, სწორედ ის ადგილია, სადაც რუსეთმა ეს იარაღი განათავსა“, – წერს WSJ.
გამოცემა წერს, რომ ლუკაშენკო განცხადება დასავლეთის მიმართ რუსეთიდან მუქარის გაძლიერების პარალელურად ხდება. ცოტა ხნის წინ პუტინმა განაცხადა, რომ ნატოში ფინეთის გაწევრიანების შემდეგ რუსეთს ამ ქვეყანასთან „პრობლემები ექნება“. გასული წლის ნოემბერში კი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ პოლონეთი რუსეთის მტერია და ამ ქვეყანამ შეიძლება სახელმწიფოებრიობა დაკარგოს.
გასული წლის აგვისტოში პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ დაადასტურა, რომ რუსეთში ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ათავსებს. მისი თქმით, ეს ფაქტი რეგიონის და მთელი ნატოს უსაფრთხოების არქიტექტურას ცვლის.