“რუსეთისა და დასავლეთის მეტოქეობა კავკასიაში: მოსკოვის როლი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში”-Daily Sabah

თურქეთის ინგლისურენოვანი გაზეთის „დეილი საბაჰის“ (Daily Sabah) 15 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რუსეთისა და დასავლეთის მეტოქეობა კავკასიაში: მოსკოვის როლი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში“ (ავტორი – აჰმედ თურანი, ელიაზიგის „ფირატის“ სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი).

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

რუსეთის მეტოქეობას დასავლეთთან კავკასიაში ისტორიული ფესვები აქვს და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ჩარჩოებს სცილდება. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ კავკასია მხოლოდ ახლა გადაიქცა „დიდი თამაშების“ არენად რუსეთის მონაწილეობით და რომ მოვლენების განვითარება, უბრალოდ, ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ თუ თვალს გადავავალებთ ჩრდილოელი მეზობლის მოქმედებას სამხრეთით – კავკასიონის დიდი ქედის მიღმა ქრონოლოგიური თანამიმდევრობით, ნათელი გახდება, რომ ამჟამად ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევა თუ შემთხვევითობა კი არ არის, არამედ კანონზომიერებაა – რეგიონში მიმდინარე მოვლენებს რუსეთისა და დასავლეთ შორის დიდი ხნის წინ ჩასახული მეტოქეობა განსაზღვრავს.

ბრძოლის ველი – კავკასია

კავკასიაში რუსეთისა და დასავლეთის მეტოქეობის პირველი ნიშნები უახლეს პერიოდში საბჭოთა კავშირის დაშლის დროს გამოიკვეთა და შემდეგ საკმაოდ მწვავედ განვითარდა – მთიანი ყარაბაღისა და რიგი სხვა კონფლიქტების საკითხის განხილვისას ეუთოს მინსკის ჯგუფში (1994-1996 წლებში). შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვმა დასავლეთის ინტერესებზე ზეწოლისათვის ადგილობრივი კონფლიქტებით ისარგებლა, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მაგრამ კრემლის ინტერესების მნიშვნელოვანი დოზა საქართველოსაც შეეხო.

მაგალითად, 2001 წლის ოქტომბერში, საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის აშშ-ში ვიზიტის დროს, მან ყველას გასაგონად განაცხადა: „საქართველო ითვლება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესთა სივრცის არა სამხრეთ ფლანგად, არამედ უფრო მეტად ნატოს ინტერესების ჩრდილოეთ ფლანგად“. მისი ნათქვამიდან სულ მალე საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში – აფხაზეთში, კოდორის ხეობაში გაეროს ვერტმფრენი იქნა ჩამოგდებული, ხოლო  ცოტა ხნის შემდეგ კოდორის ხეობა რუსეთის მიერ დაიბომბა. ეს ორი მოვლენა უბრალო დამთხვევა კი არ იყო, არამედ მათ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ. იმ დროიდან მოყოლებული, საქართველოს უმაღლესი პირები რეგულარულად გამოხატავდნენ სურვილს ჩრდილოატლანტიკრ ალიანსში გაწევრიანებაზე, რაც რუსეთსა და დასავლეთს შორის მეტოქეობას აღრმავებდა.

კავკასიაში რუსეთ-დასავლეთის მეტოქეობის „დამთხვევათა ჯაჭვში“ საქართველოს „მონაწილეობით“ შემდეგი რგოლი გახდა ნატოს ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის 2-4 აპრილი) გაკეთებული განცხადება კავკასიური ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის წევრად შესაძლო მიღების თაობაზე, რომლის გამოც მოსკოვი სერიოზულად შეშფოთდა. დაახლოებით სამი თვის სემდეგ, 2008 წლის 15 ივლისს, „რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის“ ცვლილების შემდეგ, კრემლი გამოვიდა განცხადებით, რომლის მიხედვით, „რუსეთი ინარჩუნებს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას ნატოს გაფართოების მიმართ, კერძოდ, ალიანსის გეგმებთან დაკავშირებით, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სავარაუდო მიღებასთან დაკავშირებით და მთლიანობაში, ნატოს ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოების გამო“. ის, რომ მოსკოვმა ნატოს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას ასეთი განცხადებით უპასუხა, უბრალო დამთხევავა-შემთხვევითობას არ წარმოადგენდა.

2008 წლის 24 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაში, რითაც მან ხაზი გაუსვა საქართველოს მზარდ ინტეგრაციას დასავლეთთან. ამ მოვლენიდან ორი კვირის შემდეგ კი, 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთმა თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე შეიყვანა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა რუსეთ-დასავლეთის კონფრონტაცია რეგიონის გამო. „ხუთდღიანი ომის“ შემდეგ კი, 2008 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის დსთ-დან გასვლის თაობაზე, რაც აღნიშნული დაპრისპირების დამადასტურებელ  ერთ-ერთ მნიშვნელოვან იურიდიულ დოკუმენტს წარმოადგენს

ოლიგარქი ქართულ პოლიტიკაში

21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში განვითარებულმა ცვალებადმა პირობებმა სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ რუსეთი იძულებული გახდა კავკასიაში კონკურენციის ინსტრუმენტები შეეცვალა. მეტოქეობის წესებმა ტრანსფორმაცია განიცადეს. ვლადიმერ პუტინის ეპოქაში თანდათანობით მეტი ყურადღება დაეთმო  ოლიგარქების მონაწილეობას ჯერ საშინაო პოლიტიკაში, შემდეგ კი რუსეთის ფარგლებს გარეთაც მიმდინარე რეგიონულ „დიდ თამაშებში“. ეს კურსი აირეკლა საქართველოს პოლიტიკაში პრორუსულად განწყობილი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით. მან თავისი ქონება ძირითადად რუსეთში საქმიანობით დააგროვა და საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანად გადაიქცა, შექმნა თავისი პარტია „ქართული ოცნება“ და 2012 წლის არჩევნებში გაიმარჯვა. ამის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში ქრონიკული პრობლემა გახდა [ოპოზიციის] მუდმივი ბრალდებები არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე.

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა რამდენიმე პროდასავლურად განწყობილ პარტიასთან კოალიციით, თავს იკავებდა ვლადიმერ პუტინის კრიტიკისაგან  და აცხადებდა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო შეტაკება მეტად აღარ უნდა მომხდარიყო. 2012 წლიდან მოყოლებული, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კოალიციით, შემდეგ კი თვითონ ხელისუფლებაში ყოფნა რამდენჯერმე გაიგრძელა – ეს წარმატება კი სწორედ რუსეთთან ამგვარი [ლოიალური] მიდგომით არის განპირობებული. ასე რომ, პრორუსული შეხედულებების მქონე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ არის „შემთხვევითობით“ განპირობებული – ეს მოვლენაც დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებით უნდა აიხსნას.

26 ოქტომბრის არჩევნები

2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გაიმარჯვა (უკვე მეოთხე ვადით) „ქართულმა ოცნებამ“, მიღებული ხმების 54%-ით. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პროდასავლური პარტიების მიერ მიღებულმა ხმებმა, მთლიანობაში, 37% შეადგინა. რასაკვირველია, კვლავ დაიწყო ბრალდებები არჩევნების გაყალბებისა და მომხდარი სხვა დარღვევების შესახებ.

ის ფაქტი, რომ არჩევნების შემდეგ დასავლურმა ორგანიზაციებმა მხარი ოპოზიციას დაუჭირეს, კავკასიაში რუსეთისა და დასავლეთის მეტოქეობის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს. ამ მიზეზის გამო ბევრმა კონკრეტულმა ევროპულმა სახელმწიფომ თავი შეიკავა უშუალო კომენტარებისაგან არჩევნების მიმართ, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა არჩევნების პროცესში მომხდარ დარღვევებს და მოუწოდა საქართველოს პატივი სცეს კანონის უზენაესობას, თავისუფლების პრინციპს და მოითხოვა, გაუქმდეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული რიგი კანონები და ერთობლივად აღმოიფხვრას საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევები.

აშშ-ის მიერ ანტიდემოკრატიული კანონების მოხსენიება შემთხვევითი არ არის, მასში იგულისხმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც საკმაოდ ჰგავს რუსეთში 2012 წელს მიღებულ კანონს. (…)

26 ოქტომბრის არჩევნების განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ ის ნათლად ასახავს რუსეთისა და დასავლეთის მეტოქეობას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ იგივე ტონისა და არგუმენტების მქონე განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. 2024 წლის 5 ნოემბერს მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარყო დასავლეთის ბრალდებები არჩევნების პროცესში რუსეთის ჩარევის თაობაზე და განაცხადა, რომ ვაშინტონი აქტიურად სარგებლობს მითებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თუ თეთრ სახლს სადმე არ მოეწონება არჩევნების შედეგები, მაშინვე იწყებს რუსეთის მიმართ დაბრალებას“.

დღეისათვის რუსეთისა და დასავლეთის მეტოქეობა კავკასიაში, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებშიც აისახება, კვლავ გრძელდება. დაპირისპირებულ  მხარეთა შემხვედრი და ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათის მქონე განცხადებების გათვალისწინებით, შეუძლებელია ობიექტურად გაგება, თუ კონკრეტულად ვინ არის ჩარეული საქართველოს არჩევნებში – დასავლეთი და რუსეთი (ან ორივე ერთად). მაგრამ მთავარი ფაქტი, რომლის კომენტირებაც შეიძლება, ისაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენები, რომლებიც ქრონოლოგიურად ასახავენ სიტუაციას, თავიანთი არსით, „შემთხვევითობა და დამთხვევა“ კი არ არის, არამედ უფრო მნიშვნელოვანი და ობიექტური რეალობის მაჩვენებლები. როგორც იან ფლემინგი – ჯეიმს ბონდის პერსონაჟის შემქმნელი – ამბობდა, „ერთჯერ მომხდარი შემთხვევითობაა, ორჯერ მომხდარი – დამთხვევა, სამჯერ მომხდარი კი – მოწინააღმდეგის თანმიმდევრული მოქმედება“.

მოამზადა სინომ კილაძემ

წყარო: