აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “რუსეთი უმოწყალოდ უტევს, უკრაინა თავს იცავს: მოსკოვი 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში დატოვებულ ტერიტორიას ისევ იკავებს”
(ავტორი – ენდრიუ კრამერი), რომელშიც განხილულია უკრაინის ხარკოვის ოლქში მიმდინარე ბრძოლები: რუსეთის არმიის შეტევა, უკრაინის არმიის თავდაცვა, ფრონტის ხაზზე შექმნილი პრობლემები, სამოქალაქო მოსახლეობის მდგომარეობა და საომარი მოქმედებების პერსპექტივა.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების გადამწყვეტ მომენტში, როცა უკრაინის არმია მოსკოვის ჯარებს დევნიდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან (ხარკოვის ოლქიდან) 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში, პატარა უკრაინული ქალაქის ვოლჩანსკის პოლიციის უფროსმა ამაყად აღმართა ყვითელ-ცისფერი სახელმწიფო დროშა გათავისუფლებული ქალაქის ადმინისტრაციის შენობაზე.
მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა. რუსები დაბრუნდნენ. გასულ კვირას იგივე პოლიციის უფროსი ალექსი ხარკოვსკი იმავე ვოლჩანსკის ცეცხლმოდებულ ქუჩებში ცდილობდა, რომ ქალაქში დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გაეყვანა და მოახლოებული რუსული ქვედანაყოფებისათვის გაესწრო.
„რუსები სადაც არ უნდა მივიდნენ, ისინი ყველაფერს მიწასთან ასწორებენ“, – ამბობს ალექსი ხარკოვსკი კრემლის სამხედრო ქვედანაყოფების გააფთრებულ შეტევაზე და მათ ტაქტიკაზე „გადამწვარი მიწის“ პრინციპით.
10 მაისს, რუსეთის ჯარებმა უკრაინის საზღვრის მონაკვეთი გადალახეს და მილიონიანი ხარკოვის მიმართულებით დაიძრნენ. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის ასაღებად რუსებს ძალები არ ეყოფათ, მაგრამ მათ შეუძლიათ ქალაქთან ახლოს მივიდნენ და არტილერიით ჭურვები დაუშინონ და, შესაბამისად, ლტოლვილი მოსახლეობის ნაკადის გაზრდა გამოიწვიონ.
სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთის არმიის „ნახტომი“, როგორც ჩანს, მოწოდებულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო დასუსტდეს ისედაც „შეფერთხილი“ უკრაინის არმიის პოტენციალი, მოიხსნას დონბასის ფრონტიდან სამხედრო ქვედანაყოფები (ანუ მოხდეს ფრონტის ხაზის „გაშიშვლება“ იქ, სადაც რუსეთი საზაფხულო შეტევას ამზადებს) და ისინი ხარკოვის დასაცავად იქნენ გადასროლილი. გარდა ამისა, სახეზეა მადესტაბილიზებელი ეფექტი: ათი ათასობით შეშინებული და დევნილი ადამიანი, ლტოლვილები, რომლებიც საზღვრისპირა რეგიონიდან ქვეყნის სიღრმეში სასოწარკვეთილები მიემართებიან
ერთკვირიანი ბრძოლების შემდეგ უკრაინის არმიის ნაწილებმა უკან დაიხიეს და საფორტიფიკაციო ნაგებობებით უფრო კარგად აღჭურვილ ხაზზე შეჩერდნენ, სადაც ღრმა ტრანშეები, ბეტონის ბუნკერები და „დრაკონის კბილებია“ განლაგებული.
კიევის არმიას არ ჰყოფნის ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალები, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები მაინც მედგრად იბრძვიან და მტერს წინსვლა ასობით მებრძოლის სისხლის ფასად უჯდება.
ამერიკელი კონგრესმენების მიერ უკრაინისათვის დახმარების გაჭიანურების გამო რუსებმა შეძლეს ქალაქ ავდეევკისა და მის ახლოს მდებარე სოფლების დაკავება. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში კიევი იძულებულია გარკვეული ტერიტორიები დათმოს და უკან დაიხიოს. გასაგებია იმ ადამიანების მძიმე მდგომარეობაც, რომლებმაც ევაკუირება ვერ მოასწრეს და ფრონტის ხაზის მიღმა დარჩნენ.
65 წლის ვასილ გოლობოროდკო, პენსიონერი ავიამექანიკოსი, თავდაპირველად მშობლიურ სოფელში დარჩა. მისი სახლიდან შეიძლებოდა იმის დანახცა, თუ როგორ ამაგრებდნენ უკრაინელი ჯარისკაცები ახალ ფრონტის ხაზს უკან დახევის შემდეგ, მაგრამ მოგვიანებით, როცა რუსები სოფლის გარეუბნებში გამოჩნდნენ, ვასილიც იძულებული გახდა სახლი მიეტოვებინა. „ძლივს მოვასწარით გამოსვლა“, – ამბობს იგი „ნიუ-იორკ თაიმსის“ კორესპონდენტთან საუბრისას, – „მთელი ჩვენი ავლადიდება, შინაური ფრინველები და ცხოველები, კატაც და ძაღლიც, სოფელში დარჩა ბედის ანაბარად“.
ჩვენ, ჟურნალისტთა ჯგუფი, ხარკოვიდან ფრონტის ხაზისკენ რომ მივდიოდით, უკან მივყვებოდით სამხედრო პიკაპებს და ჯავშანტექნიკას, ფრონტის ხაზიდან კი სამოქალაქო მოსახლეობა ხარკოვისაკენ მოდიოდა – მსუბუქი ავტომანქანებით, ოჯახური ქონებით და სურსათით დატვირთულნი. გზა ბევრგან ჭურვებით იყო გადათხრილი, მწვანეში ჩაფლულ სოფლებში სახლებს კვამლი ასდიოდა და იწვოდნენ.
„რუსების სამოქმედო ტაქტიკა ახლა რადიკალურად არის შეცვლილი, შემოჭრის დროსთან შედარებით“, – გვეუბნება კაპიტანი პეტრე ლევკოვსკი, უკრაინის არმიის მე-13 ბრიგადის ოპერატიული ბატალიონის შტაბის უფროსი, – 2022 წლის თებერვლის ბოლოს ისინი ხარკოვისაკენ კოლონებით მოდიოდნენ და ფიქრობდნენ, რომ მოსახლეობა მათ ხელგაშლით შეხვდებოდა. ახლა კი რუსები ჯერ არტილერიის ცეცხლით ყველაფერს დაანგრევენ, გადაბუგავენ, შემდეგ კი მცირე ჯგუფებით სხვადასხვა მიმართულებით შეტევებს იწყებენ. ვიცით, რომ ისინი ცოცხალს არავის არ ტოვებენ“.
შევდივართ სოფელ ბელი კოლოდეზში, სადაც მოსახლეობა ევაკუაციისათვის ემზადება. „სწრაფად, სწრაფად!“, – აჩქარებს მათ ვიტალი კილჩიკი, 110-ე ბრიგადის კაპელანი, – „ნუ ზიხართ და ნუ ელოდებით, ვოლჩანსკის მოსახლეობის მსგავსად, რომლებმაც საბოლოო ჯამში, ძლივს გამოასწრეს ქალაქიდან“.
ვოლჩანსკელი დარია სოროკალეტოვა, 40 წლის ქალი, მშობლიური სახლის დატოვებას აჭიანურებდა. და როცა იგი ქუჩაში გამოვიდა, შენობას ჭურვი მოხვდა და მთლიანად დაანგრია. „იქ არაფერი არ გადარჩენილა, დაბრუნება შეუძლებელია“.
რუსეთმა უკვე დაიკავა 130 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და ათზე მეტი სოფელი, რომელთა უმეტესობა საარტილერიო დაბომბვით მიწასთან არის გასწორებული. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის არმია უკან გეგმაზომიერად იხევს და თავდაცვის მეორე და მესამე ხაზზე მაგრდება.
უკრაინელ გენერლებს წინ ერთგვარი „აბა, გამოიცანი“ (თამაში-გამოცანა) ელოდებათ: ის, თუ რამდენად ღრმად წაიწევენ რუსები და რამდენად გაუწევენ წინააღმდეგობას უკრაინელები, ბევრად არის დამოკიდებული მხარეთა ჯარისკაცების რაოდენობაზე. უკრაინას ამ განტოლების ამოსახსნელად მოუწევს ისედაც მწირე რეზერვებით სარგებლობა და როგორც უკვე ვთქვით, ფრონტის სხვა მონაკვეთების „გაშიშვლება“ – ჯარების გადასროლა, თუმცა რუსების შეტევისა და ფრონტის ხაზის გარღვევის საფრთხე იქაც რჩება.
„ნებისმიერი ომი თავისი ბუნებით ინტერაქტიურია“, – ამბობს სატელეფონო ინტერვიუში იუჰან ნურბერგი, შვედეთის სამხედრო კვლევების სააგენტოს უფროსი ანალიტიკოსი, – იმას, რასაც აკეთებენ ან არ აკეთებენ უკრაინელები, უნდა შევადაროთ, თუ რას აკეთებენ ან არ აკეთებენ რუსები. ავიღოთ ხარკოვის მიმართულება: რუსების მოქმედებას ემჩნევა, რომ მათ ხარკოვის აღება განზრახული არ აქვთ, მათი ძალები მცირეა – ხარკოვის დასაუფლებლად მოსკოვს ათობით და ასობით ათასი ჯარისკაცი დაჭირდება“.