საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 30 დეკემბერს რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორი იყო საფრანგეთის პოზიცია უკრაინის მხრიდან კასეტური საბრძოლო იარაღის გამოყენებით ბელგოროდზე თავდასხმაზე, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომ რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო, რომელიც მიზანმიმართულ თავდასხმას ახორციელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს, ხოლო უკრაინა არის აგრესიის მსხვერპლი, რომელიც, თავდაცვის მიზნით, გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად მოქმედებს.
„რუსეთს აქვს შესაძლებლობა, რომ დაასრულოს ეს კონფლიქტი და მისი თანმხლები ადამიანური ტრაგედია, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ამისთვის მან უნდა გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან“, – აცხადებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.