საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართველ სპორტსმენებს სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში უდიდესი წარმატებები აქვთ.
კობახიძის განმარტებით, სპორტში წარმატებები თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.
„მინდა, დავაანონსო ახალი მეგაპროექტი. წინა სამთავრობო სხდომაზე გვქონდა საუბარი თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე და მინდა, გაგაცნოთ მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ამჯერად სპორტს უკავშირდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სპორტსმენების წარმატებით. ჩვენ გვაქვს სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში უდიდესი წარმატებები. დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის თავზე ჩვენმა ნაკრებებმა მოახერხეს ისტორიაში უდიდესი წარმატების მიღწევა. ფეხბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა რაგბისტებმა პირველად შეძლეს ექვსი ერის გუნდების დამარცხება, კალათბურთელები პირველად გავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც მსოფლიოს საუკეთესო 16 გუნდს შორის დაიკავეს პირველად ადგილი, წყალბურთელები გადიან ევროპის ჩემპიონატებზე, გავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდნენ ზედიზედ ორჯერ, ჩვენი ხელბურთელები გავიდნენ პირველად ევროპის ჩემპიონატზე, სადაც პირველი ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს და ინდივიდუალურ სახეობებშიც გვაქვს უდიდესი პროგრესი, მედლების რაოდენობა არის გაორმაგებული, გასამმაგებული ბოლო წლების განმავლობაში, რაც არის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. ასეთი წარმატებები არ გვქონდა იმ ცნობილი ცხრა წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლების სათავეში იყო ჩვენი დღევანდელი ოპოზიცია, 90-იან წლებთან შედარებითაც კი. მაშინ სპორტი იყო უფრო წარუმატებელი, რასაც ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზეზები. მინდა, გაგახსენოთ კონკრეტული მოვლენები, რასაც მაშინ ჰქონდა ადგილი. ყველას გახსოვთ, როგორ მოხდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა და იმავე დღეს როგორ გააკეთებინეს განცხადება გადადგომაზე. არაფერს ერიდებოდნენ, ასეთი უხეში ჩარევა ხდებოდა ფეხბურთში, სპორტში ზოგადად. ასევე, მინდა, შეგახსენოთ, რა მოხდა „თბილისის დინამოს“ გარშემო. რუსეთიდან ჩამოიყვანეს კონკრეტული ბიზნესმენი, რომელსაც მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა ფეხბურთზე, მას ჩააბარეს ჩვენი ეროვნული სიამაყე, „თბილისის დინამო“ და კლუბი, ფაქტობრივად, განადგურების პირამდე მიიყვანეს, ნულოვანი წარმატება ჰქონდა ბოლო ტურნირებზე. ასევე, დღეს რომ შევხედოთ, საქართველოს ჩემპიონატზე „თბილისის დინამოს“ აქვს ათი თამაში, 12 ქულა და მეხუთე ადგილზეა. ამ მდგომარეობამდე მიიყვანა წინა ხელისუფლების პოლიტიკამ ჩვენი საამაყო სპორტული კლუბი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ცოტა ხნის წინ, ადამიანებს, ვინც არიან დღეს „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობაში, ისტორიული „დინამოს“ ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა სურდათ“.
„ეს დამოკიდებულება არის იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. ამას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, მაგრამ თვითონ დამოკიდებულება ამ ყველაფრიდან ჩანს. ეს ადამიანები „თბილისის დინამოს“, ისტორიული კლუბის სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინათაც, „თბილისის დინამოს“ სახელით – რა შუაშია „თბილისის დინამო“ – გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი სწორედ კლუბის სახელით. როგორც ჩანს, როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაში „თბილისის დინამოს“ მფლობელი. ეს ყველაფერი არის იმ პოლიტიკის გამოვლინება, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, რომელმაც ჩვენი სპორტი, ფეხბურთი წარუმატებლობამდე მიიყვანა. ჩვენ წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ მაშინ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა, მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც ჩვენს სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღევანდელ დღეს. ასევე, მინდა, გავიხსენო კონკრეტული ფეხბურთელების მონაყოლი, ერთ-ერთი ფეხბურთელის მონაყოლი, რომელმაც პირადად მითხრა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო უარი უთხრეს ნაკრებში გამოძახებაზე. ერთ-ერთ უცხოელ მწვრთნელს, მაშინ ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი იყო უცხოელი, აიძულებდნენ, არ გამოეძახებინა კონკრეტული ფეხბურთელი, ერთ-ერთ ტოპ-ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი არ გამოეძახებინა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში. პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს. ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლით, ძალიან ხშირად, ნაკრების ფეხბურთელებს თბილისში თამაშებზე ჩამოფრენა საკუთარი ხარჯით უწევდათ“, – აღნიშნა პრემიერმა.