“როგორ ვნებს დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ მიმართული ომი” – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ პოპულარულ და გავლენიან ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist), რომელშიც განხილულია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე აშშ-ისრაელის ომის პერსპექტივა დონალდ ტრამპისათვის: თუ იგი საომარ მოქმედებებს არ შეწყვეტს, ნავთობი კიდევ უფრო გაძვირდება, აშშ-ში ბენზინის ფასი მოიმატებს და კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებს ამერიკელი ამომრჩევლები ზურგს შეაქცევენ.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„რესპუბლიკელებო, პანიკაში ნუ ჩავარდებით“, – მოუწოდებს თეთრი სახლი. „პანიკის გარეშე!“, – წერს დონალდ ტრამპი „იქს-ქსელში“. და მაინც, რესპუბლიკურ პარტიაში და MAGA-ს მოძრაობაში პანიკის ნიშნები შეიძლება უკვე ვიპოვოთ.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანის სამხედრო პოტენციალის 100%-ით გაანადგურა, „დარჩენილი 0%“ მსოფლიო ეკონომიკას მაინც დიდ ზიანს აყენებს. ირანმა ჰორმუზის სრუტე დახურა, ირანული რაკეტები სპარსეთის ნავთობით დატვირთულ ტანკერებს, თუ ისინი სრუტეში გაცურდებიან, ჩაძირვით ემუქრება.
დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომი ამერიკელ ამომრჩევლებს შორის არაპოპულარულია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ამასწინანდელი კონფლიქტი. შესაბამისად, რესპუბლიკელთა გამარჯვების შანსი ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად მცირდება.
ირანთან დაკავშირებული მოვლენების ნეგატიურად გაშუქების გამო განაწყენებული მისტერ ტრამპი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მასმედიას „კორუმპირებულ და უკიდურესად არაპატრიოტულს“ უწოდებს. ამას წინათ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გახარებულია ცნობით, რომ კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ შეიძლება ზოგიერთი ტელეარხის მაუწყებლობის ლიცენზიას გადახედოს: „აბა რა, ვინც „ფეიკურ ახალ ამბებს“ ავრცელებს, იმათი ლიცენზია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება!“.
და მაინც, არასასიამოვნო ახალი ამბების ზოგიერთ წყაროს ვერ „გააჩუმებ“, მაგალითად, ავტოგასამართი სადგურების ტაბლოს, რომელზეც ავტომფლობელები ყოველდღიურად ბენზინის ახალ გაძვირებულ ფასებს ხედავენ. სხვათა შორის, იმ შტატებში, რომლებმაც დონალდ ტრამპს არჩევნების დროს მხარი განსაკუთრებით აქტიურად დაუჭირეს 2024 წელს, სიტუაცია კიდევ უფრო უარესია – ბენზინი წითელ შტატებში (რესპუბლიკელთა მომხრეებში) უფრო ძვირია, ვიდრე ლურჯებში (დემოკრატების მომხრეებში).
ისტორია გვაჩვენებს, რომ საწვავზე ფასების ზრდის დროს ამომრჩევლები, დიდი ალბათობით, ხმას მოქმედი პრეზიდენტისა [და მისი პარტიის] წინააღმდეგ აძლევენ. ჯერალდ ფორდმა, ჯიმი კარტერმა და ჯორჯ ბუშ-უფროსმა თავიანთი პოსტები ნავთობის ღირებულების მკვეთრი მატების გამო დაკარგეს.
დონალდ ტრამპი პრეზიდენტის პოსტის დაკავების დროს ამერიკელებს დაპირდა, რომ ომ,ებს თავს აარიდებდა და ფასებს შეამცირებდა. მან ორივე დაპირება დაარღვია, შესაბამისად, ტრამპისათვის ამ ფაქტს მხარდაჭერის დაკარგვის ფასი ექნება. ომის მიმართ დადებითი განწყობა დემოკრატებში დაბალია, რესპუბლიკელებში – შედარებით მაღალი, მაგრამ იმ რესპუბლიკების რაოდენობა, რომლებიც მთლიანად იწონებენ ირანთან ომს, სწრაფად იკლებს. ახალგაზრდებმა და ლათინო ამერიკელებმა, რომლებმაც 2024 წელს დონალდ ტრამპის მიმართ პოზიცია პოზიტიურად შეიცვალეს, ბენზინზე დღეს ყველაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე სხვა ამერიკელები.
ბაქსთონის (მენის შტატი) საბილიარდო ბარში Skip’s Lounge-ში სამი რამ არის აკრძალული – პოლიტიკა, რელიგია და მკლავჭიდი, მაგრამ კლიენტები ომს აკრიტიკებენ. „არანაირი მნიშვნელოვანი მიზეზი არ იყო ომის დაწყებისათვის“, – ამბობს ბილ მიტჩელი. მისი ფირმა, რომელიც სოფლებში მშენებლობით არის დაკავებული, დიზელის საწვავზე ფასების მატებამ ძალიან დააზარალა. ბილის ცოლი ჯეინი, რომელიც ცხენების ფერმას და სასოფლო-სამეურნეო ნათესებს უვლის, შიშობს, რომ იმ სასუქების ღირებულება, რომლებსაც ბუნებრივი გაზიდან მიიღება, ასევე მოიმატებს.
დემოკრატები, დიდი ალბათობით, წარმომადგენელთა პალატის წევრთა არჩევნებში გაიმარჯვებენ. გარდა ამისა, მათ მხოლოდ ოთხი ადგილი სჭირდებათ სენატში, რომ უმრავლესობა მოიპოვონ. მენის შტატი ერთ-ერთია, სადაც დემოკრატებს წარმატება ექნებათ. მოქმედი სენატორი სიუზან კოლინზი ზომიერი რესპუბლიკელია, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში თანაპარტიელ პრეზიდენტს საერთოდ არ ახსენებს – იმიტომ, რომ იგი დონალდ ტრამპზე ნაწყენებმა და მისმა მოწინააღმდეგეებმა შეიძლება „ჩაქოლონ“.
დემოკრატები მხნედ არიან, ამას ადასტურებს დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზი მთელი ქვეყნის მასშტაბით. რესპუბლიკელების განწყობა არასახარბიელოა. ჯოში, ვეტერანი, რომელიც მენის შტატის სამხედრო ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში კამუფლიაჟურ ქურთუკს ათვალიერებს, ამბობს, 2024 წელს ხმა დონალდ ტრამპს მისცა და მისთვის სულ ერთია, გადააქცევს თუ არა პრეზიდენტი ირანს ერთ დიდ „მინის ავტოსადგომად“ (იგულისხმება, რომ ინტენსიური დაბომბვების შედეგად წარმოქმნილი მაღალი ტემპერატურა ქვიშას მინად აქცევს). მაგრამ იგი უკმაყოფილოა ბენზინზე ფასების ზრდით.
რესპუბლიკელებისათვის ყველა საკვანძო შტატში, სადაც საარჩევნო ბრძოლა მიმდინარეობს, ფასებმა 20%-ზე მეტად მოიმატა. ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც სენატის წევრობის კანდიდატად დემოკრატიული პარტიიდან პოპულარული ყოფილი გუბერნატორია (მან ცხოვრების გაძვირება თავისი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ თემად გახადა), ხოლო რესპუბლიკელი – ნავთობის ექს-ლობისტი, ბუკმეკერები გამარჯვებას 80%-ით დემოკრატებს უწინასწარმეტყველებენ.
მისტერ დონალდ ტრამპის მცდელობები, რომ მსოფლიოს ირანის ომის ნათელი მხარე დაანახოს, მისი მხრიდან უტაქტობაზე და მოსახლეობის ინტერესებისადმი უპატივცემულობაზე მიგვანიშნებს. „დღეისათვის ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობის უდიდეს მწარმოებელს წარმოადგენს, ამიტომაც, როცა ნავთობზე ფასები მატულობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მეტ ფულს და მეტ მოგებას ვიღებთ“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
„როგორც ვატყობ, თეთრ სახლში არავის არ აინტერესებს, თუ რა პრობლემები აქვთ ყოველდღიურად ჩვეულებრივ ადამიანებს“, – ჩივის თეოდორი, მძღოლი ჯორჯიის შტატიდან, რომელიც ერთ-ერთ „მოყოყმანე“ შტატს წარმოადგენს.
ომის შედეგები მსოფლიოს ეკონომიკისა და აშშ-ის პოლიტიკისათვის ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დიდ ხანს გაგრძელდება საომარი მოქმედებები. ანალიტიკოსები, რომლებიც ადმინისტრაციის მიმართ სიმპათიურად არიან განწყობილნი, ოპტიმისტურ შეფასებებს იძლევიან. დაბომბვები ზუსტად განხორციელდა, პირველივე დღეებში ლიკვიდირებულები არიან როგორც ირანის ლიდერი, ასევე რეჟიმის სხვა ხელმძღვანელები, განადგურებულია ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტი, სარაკეტო სისტემები და სხვა სამხედრო ობიექტები.
ისლამური რესპუბლიკა დასუსტებულია. შესაბამისად, როცა დაბომბვები შეწყდება, ირანელ ხალხისთვის იოლი იქნება ხელისუფლების დამხობა. შეიძლება ისეთი ლიდერი გამოჩნდეს, რომელიც აშშ-სთან ნორმალურ ურთიერთობას შეძლებს – ვთქვათ, ისეთი, როგორიც ვენესუელაშია – დელსი როდრიგესი. „თუ ირანელი ლიდერი იგივე ნაირად მოიქცევა და აშშ-სთან ითანამშრომლებს, მას დაინდობენ“, – ამბობს ვიქტორია ქოუთსი, ანალიტიკური ცენტრის „მემკვიდრეობის ფონდის“ (Heritage Foundation) თანამშრომელი, რომელიც მხარს დონალდ ტრამპს უჭერს.
„დიახ, ეკონომიკური სირთულეები შეიძლება სერიოზული გახდეს იმ შემთხვევაში, თუ ომი დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ ომი მალე დამთავრდება“, – ამბობენ პროსამთავრობო პროპაგანდისტები. „დიახ, ირანს შეუძლია ნავთობტანკერებისადმი სროლა გააგრძელოს, თუ აშშ სარაკეტო დარტყმებს შეაჩერებს, მაგრამ საბოლოოდ თეირანიც გაჩერდება: ირანი მიხვდება, რომ არ შეიძლება მთელი მსოფლიოს მტრად გადაიქცეს ნავთობის ფასების გამო. ამის შედეგად მთავარი საფრთხე განეიტრალდება“, – ამბობს მეთიუ კრენიგი „ატლანტიკური საბჭოდან“, მარკო რუბიოს ყოფილი მრჩეველი, – „მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ომის საფლობში ჩავიძირებით“.
„მოკლევადიან პერსპექტივაში ომს ვლადიმერ პუტინისათვის მოგების მოტანა შეუძლია, რადგან ფასი რუსულ ნავთობსაც ემატება, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში ომს აშშ-ისათვისაც შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება – განმტკიცდება აშშ-ის ძლიერება. ყველა უკმაყოფილო დაინახავს, რომ პრეზიდენტი ძალის გამოყენებაზე უკან არ დაიხევს“, – ამბობს ვიქტორია ქოუთსი, – „და თუ ნავთობზე ფასები საზაფხულო ავტომოგზაურობების სეზონამდე დავარდება, რესპუბლიკელებისათვის მომავალი საკმაოდ ნათელი იქნება“.
რესპუბლიკელი-კონსერვატორები უფრო ნაკლებ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. „ვენესუელის პრეზიდენტის დატყვევების შემდეგ დონალდ ტრამპმა, როგორც ჩანს, იფიქრა, რომ ირანშიც იოლად და სწრაფად მიაღწევდა მიზანს“, – ამბობს კურტ ვოლკერი, ტრამპის ყოფილი ელჩი უკრაინაში, – „აი, როგორც მადუროს მიმართ გამოუვიდა: პრეზიდენტი გაიტაცა და ვენესუელის ხელისუფლება სწრაფად გადავიდა აშშ-ის მხარეზე. ეგონა, რომ ირანშიც სამ საათში ყველაფერი დასრულდებაო“.
პრეზიდენტი ვერ უხსნის საკუთარ ხალხს, თუ რას აკეთებს ირანის მიმართ. მან ვვერ შეძლო მოსალოდნელი რისკებისათვის მომზადება. აღიარა, რომ არ მოელოდა, თუ ირანი დარტყმას მიაყენებდა მეზობელ სახელმწიფოებს სპარსეთის ყურეში. აიათოლა ალი ჰომეინი კი მოკლა, მაგრამ მის ნაცვლად უფრო ახალგაზრდა და გაბოროტებული ლიდერი მიიღო, რომლის ოჯახი აშშ-მა და ისრაელმა ამოწყვიტეს. ისე ჩანს, რომ დონალდ ტრამპმა ირანი უფრო საშიშ ქვეყნად გადააქცია. „მისტერ დონალდ ტრამპი ამჟამად საკმაოდ არასასიამოვნო სიტუაციაშია ჩავარდნილი“, – ამბობს ერთ-ერთი რესპუბლიკელი მაღალჩინოსანი, რომელმაც ანონიმად დარჩენა ამჯობინა.
ირანული დრონები ძალიან იაფასიანია, მაგრამ მათი ჩამოგდებისათვის ისრაელი და აშშ ძვირადღირებულ რაკეტებს ხარჯავს. ირანული დრონები ემუქრებიან სპარსეთის ყურეში თავმოყრილ ნავთობტანკერებს და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს. „პრეზიდენტმა ისეთი პრობლემა შექმნა, რომელიც მხოლოდ რეჟიმის შეცვლით უნდა მოგვარდეს. ამისათვის აუცილებელია სახმელეთო ოპერაციის განხორციელება, მაგრამ მას ამის გაკეთება არ სურს“, – ამბობს კურტ ვოლკერი.
ომმა ასევე აჩვენა, თუ რამდენად დამაზარალებელია მოკავშირეების მიმართ ცუდი პოლიტიკა და მათ მიმართ აგდებული დამოკიდებულება. ნატოსადმი უპასუხისმგებლო მოქმედებას და ალიანსის წევრის – დანიის მიმართ განხორციელებულ მუქარებს უკვალოდ არ ჩაუვლია: როცა ტრამპმა მათ დახმარებისკენ მოუწოდა, ბევრმა სოლიდარობა უხალისოდ გამოხატა, ზოგიერთებმა კი საერთოდ თავი შეიკავეს. „აშშ-ის პრეზიდენტის დამსჯელი მიდგომა მოკავშირეების მიმართ არასწორია. ამიტომაც ისინი მაინცდამაინც დიდად არ აქტიურობენ ტრამპის დასახმარებლად ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხში“, – ამბობს კორი შეიკი, „აშშ-ის მეწარმეობის ინსტიტუტის“ – კონსერვატიულოი ანალიტიკური ცენტრის თანამშრომელი.
ომი აშშ-ისრაელის ურთიერთობასაც ართულებს. „ირანი ჩვენი ქვეყნისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა. აშკარაა, რომ ჩვენ ეს ომი ისრაელის მიერ განხორციელებული ზეწოლით დავიწყეთ“, – აცხადებს ჯო კენტი, აშშ-ის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი, რომელიც არ ეთანხმება ტრამპს ირანის საკითხში და პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან ამ რამდენიმე დღის წინ გადადგა.
„ვფიქრობ, რომ MAGA-ს მოძრაობის წევრებს შეუძლიათ ყველა დაადანაშაულონ დაშვებულ შეცდომებში, საკუთარი ლიდერის დონალდ ტრამპის გარდა“, – ამბობს კორი შეიკი.
მისტერ ტრამპს ჯერ კიდევ შეუძლია თავის გადარჩენა უბედურებისაგან. თუ იგი ომს მალე დაასრულებს და ნავთობის ფასები დაიკლებს, ნოემბრის შუალედურ არჩევნებში ამომრჩევლები, ალბათ, შედარებით ნაკლებად იქნებიან უკმაყოფილონი. თუ ნოემბრამდე დონალდ ტრამპი, ვენესუელის გარდა, კიდევ ორ რეჟიმს დაიმორჩილებს – ირანს და შესაძლოა, კუბას – მას ტრაბახისა და თავის გამოჩენის მიზეზი ნამდვილად ექნება… მაგრამ ჯო კენტი შიშობს, რომ პრეზიდენტის ამჟამინდელ კურსს ქვეყანა „ქაოსისა და დაცემისაკენ მიჰყავს“.

