“როგორ ჩამოაგდო განხეთქილება უკრაინის ომმა ჩეხებსა და სლოვაკებს შორის”-The Washington Post

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ ჩამოაგდო განხეთქილება უკრაინის ომმა ჩეხებსა და სლოვაკებს შორის“ (ავტორი – იშან თხარური).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ჩეხები და სლოვაკები ისევ უპირისპირდებიან ერთმანეთს – ხალხები იმდენად არა, როგორც მათი მთავრობები, მაგრამ მაინც. ბოლო თვეში წინა პლანზე გამოვიდა ჩეხეთის პროუკრაინული მთავრობისა და სლოვაკეთის პრორუსული ხელისუფლების ერთმანეთთან უთანხმოება კიევთან დამოკიდებულების საკითხში.

ერთი მხრივ, ჩეხებმა პირველებმა შეიმუშავეს უკრაინისათვის საბრძოლო მასალებით სწრაფი დახმარების გეგმა (პრეზიდენტ პეტრ პაველის ინიციატივით), რომელიც საარტილერიო ჭურვების შესყიდვას ითვალისწინებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

მეორე მხრივ, სლოვაკეთის პოპულისტმა პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელიც ერთი წელი ოპოზიციაში იყო და ქვეყნის ხელისუფლებაში გასულ წელს დაბრუნდა, უკრაინისადმი სამხედრო დახმარების გაწევა შეწყვიტა და განაცხადა, რომ „კიევს ერთ ტყვიასაც კი არ გაუგზავნიდა“. გარდა ამისა, მან მრავალჯერ მოუწოდა უკრაინას ტერიტორიული დათმობისა და ცეცხლის შეწყვეტის მიზნით.

ნაპრალი, რომელიც ოდესღაც ერთიანი ქვეყნის, შემდეგ კი მისი დაშლით წარმოქმნილ ორი ქვეყანას შორის არსებობს, ბოლო დროს უფრო მეტად გაფართოვდა, როცა ჩეხეთმა სლოვაკეთის მთავრობასთან ტრადიციული ერთობლივი სხდომების ჩატარება შეაჩერა. მიზეზი ის იყო, რომ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლენარი თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდა. რობერტ ფიცოს მიერ თავნებურად გატარებული საგარეო პოლიტიკა ძალიან ჰგავს სლოვაკეთის მეზობლის – უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის კურსს, რომელსაც რუს ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობა აქვს.

„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ სლოვაკეთთან გარკვეული უთანხმოება გვაქვს“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ თებერვლის ბოლოს გამართული შეხვედრის შემდეგ, – „მე ამას საიდუმლოდ არ ვთვლი, რადგან დამალვას აზრი არ აქვს. ჩვენ აზრთა მნიშვნელოვანი სხვადასხვაობა გვაქვს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესიის მიმართ და ცეცხლის შეწყვეტის საკითხში“.

ცივი ომის დასრულებისა და ჩეხოსლოვაკიის ორ სახელმწიფოდ დაშლის შემდეგ ჩეხები და სლოვაკები ერთმანეთთან მაინც ძმურ და თბილ დამოკიდებულებას ინარჩუნებდნენ იმ დროსაც კი, როცა პრაღაში და ბრატისლავაში მთავრობებს შორის გარკვეული უნდობლობა იქმნებოდა ხოლმე, მაგრამ პოზიციათა განსხვავებამ უკრაინისადმი მხარდაჭერის საკითხში უკვე მოსახლეობაც მოიცვა: „ჩეხ და სლოვაკ ხალხებს შორის ყველაზე ცუდ პერიოდშიც კი ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნებული იყო და უთანხმოება ღიად, პოლიტიკურად არ იყო წარმოჩენილი“, – ამბობს დალიბორ როგაჩი, აშშ-ის კვლევითი ცენტრის – American Enterprise Institute for Public Policy Research-ის მეცნიერ თანამშრომელი.
სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ თავისი ჩეხი კოლეგის პეტრ ფიალას გადაწყვეტილებას ორი ქვეყნის მთავრობების ერთობლივი ტრადიციული სხდომების შეწყვეტის თაობაზე „ისტორიულად მოძმე ხალხების“ წინააღმდეგ მიმართული ქმედება უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ჩეხეთი ხელს უწყობს სისხლისღვრის გაგრძელებას უკრაინასა და რუსეთს შორის. ამის შემდეგ პეტრ ფიალამ დემონსტრაციულად მიიღო სლოვაკეთის ოპოზიციის ლიდერი, მიხალ სიმეცკა და მიესალმა მის პოზიციას უკრაინისადმი დახმარების გაწევაზე, რომელიც რობერტ ფიცოსათვის მიუღებელია.

„ჩვენ, ზოგიერთებისაგან განსხვავებით, კარგად ვიცით, თუ ვინ არის აგრესორი და ვინ ვისი მსხვერპლი. ასევე კარგად ვიცით, თუ ვის უნდა დავეხმაროთ“, – თქვა პეტრ ფიალამ და „ზოგიერთებში“ რობეტ ფიცო იგულისხმა.
რობერტ ფიცო დარწმუნებულია, რომ უკრაინა ვერ შეძლებს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას და ამიტომ სისხლისმღვრელი ომის გაგრძელებას აზრი არ აქვს. იგი ირონიულად უყურებს უკრაინის სუვერენიტეტს და თვლის, რომ კიევი მთლიანად ვაშინგტონზეა დამოკიდებული.

სხვათა შორის, რობერტ ფიცოს მხარს უჭერს ჩეხეთის ყოფილი პრემიერი ანდრეი ბაბიში, რომელიც ამჟამინდელ პრემიერის პეტრ ფიალას მიმართ ოპოზიციურად არის განწყობილი. პოპულისტ ანდრეი ბაბიშის აზრით, რუსეთთან ნორმალური დამოკიდებულება ჩეხეთისათვის აუცილებელია.

„პეტრ ფიალასა და რობერტ ფიცოს შორის განსხვავება იმაშია, რომ პირველი უკრაინაში მიმდინარე ომს ეგზისტენციალურად თვლის, მეორე კი მას სუფთა საგარეო მოვლენად განიხილავს, რომელიც შეიძლება საკუთარი მიზნების მისაღწევადაც გამოიყენო, ვთქვათ, რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვებისათვის. რობერტ ფიცოს ემხრობა ჩეხი ოპოზიციონერი ანდრეი ბაბიშიც“, – ამბობს დალიბორ როგაჩი.

2023 წლის იანვარში ანდრეი ბაბიშმა მარცხი განიცადა ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, პეტრ პაველთან მეტოქეობის დროს. სლოვაკეთში კი საპრეზიდენტო კანდიდატი პეტერ პელეგრინია, რობერტ ფიცოს მხარდამჭერი, რომელიც, როგორც ჩანს, 23-24 მარტს დაგეგმილ არჩევნებში, დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს.

ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან სლოვაკეთის საშინაო პოლიტიკაში „შეკავება-დაბალანსების“ ინსტრუმენტები აღარ იმოქმედებს. მართალია, ჩეხეთში და სლოვაკეთში პრეზიდენტებს ძირითადად სიმბოლური როლის შესრულება უწევთ, მაგრამ მათ მაინც აქვთ გარკვეული მანევრების შესაძლებლობა და გავლენა საკანონმდებლო პროცესზე.
პეტერ პელეგრინის გამარჯვების შემთხვევაში სლოვაკეთის ხელისუფლების პოლიტიკა ერთხაზოვანი გახდება. დემოკრატია მყიფე რჩება. სამომავლოდ მოსალოდნელია ბრატისლავის დაპირისპირება ბრიუსელთან, ანუ სლოვაკეთი ევროკავშირთან ღია უთანხმოების კურსს დაადგება, მეზობელი უნგრეთის მსგავსად. „ჩეხები შეშფოთებულნი არიან, რადგან სლოვაკეთი არასწორი გზით მიდის“, – განაცხადა ერთ-ერთმა ჩეხმა ჩინოვნიკმა ანონიმურად.

წყარო: