“რის გამკეთებელია შვედეთი ნატოში“ – რას წერს უცხოური პრესა

შვედეთი, რომელსაც გაგანია ცივი ომის დროსაც კი არ გამოუხატავს ნატოში გაწევრიანების სურვილი, არც ახლა არ უნდა ამის გაკეთება, მაგრამ რა ქნას, როცა მას ალიანსისაკენ ოკეანის გაღმიდან უბიძგებენ, ევროპელების კონტროლის მიზნით?, – წერს თურქული გაზეთი „საბაჰი“ (Sabah) სტატიაში სათაურით „რის გამკეთებელია შვედეთი ნატოში“ (ავტორი – ჰასან იალჩინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„შვედეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნატოს წევრი არ გახდეს, საბაბად კი თურქეთს იყენებს – ჩემი ალიანსში გაწევრიანება ანკარას არ უნდაო. არადა, სტოკჰოლმს რომ რეალურად სურდეს ნატოს წევრობა, რაც მოხდა, ის ნამდვილად არ მოხდებოდა. შვედეთი თურქეთთან გარკვეულ კონსენსუსს მიაღწევდა და არ დაუშვებდა ისეთ პროვოკაციებს, როგორსაც ყურანის საჯაროდ დაწვა წარმოადგენს. მაგრამ ჩვენ რა უნდა ვქნათ, როცა შვედეთის მთავრობა ყველანაირად ცდილობს კომპრომისზე არ წავიდეს.

რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში შვედეთს ნატოში გაწევრიანება არ სურს. ეს აიხსნება როგორც სტრატეგიული, ასევე სოციალური მიზეზებით.

შვედეთის საგარეო პოლიტიკა აგებულია „აქტიური ნეიტრალიტეტის“ ტრადიციულ სტრატეგიაზე. ეს გარკვეულწილად ამერიკულ იზოლაციონიზმს ჰგავს. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით შვედეთი სამხედრო შეჭრის საფრთხეებისაგან შორს იმყოფება და არ აქვს კავშირი ღია საოკეანო სივრცესთან. შვედეთი ისეთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია თავი ირჩინოს საერთაშორისო ვაჭრობით, თავისი პოლიტიკური და სამხედრო ნეიტრალიტეტის შენარჩუნებითაც კი.

და თუ შვედეთი სამხედრო ალიანსებში გაწევრიანდება, ასეთი ნაბიჯი სტოკჰოლმს ზედმეტ ხარჯებს და უფრო ბევრ სიავეს მოუტანს, ვიდრე სარგებელს. შვედებმა დიდი ხანია იციან ეს ყველაფერი და ამიტომ ისინი 200 წლის განმავლობაში რომელიმე სამხედრო ალიანსში გაერთიანებისაგან თავს იკავებდნენ.

უკრაინის სამხედრო კონფლიქტი, რომელსაც შვედეთის ნატოში გაწევრიანების სურვილის მიზეზად ასახელებენ, სრულიადაც არ ითვლება სტოკჰოლმის მთავრობის პრონატოური სწრაფვის დამარწმუნებელ გამართლებად. აბა, წარმოიდგინეთ: იმ დროს, როცა ცივი ომის დროს, საბჭოთა კავშირი და დასავლეთი ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ დაპირისპირებულნი, სტოკჰოლმი მშვიდად იყო და ნეიტრალიტეტს იცავდა. მას ახლაც არ აქვს სურვილი უკრაინის ომის გამო ალიანის წევრი გახდეს. შვედეთს რუსეთთან საერთო საზღვარი არ აქვს.

მას შემდეგ, რაც ფინეთი ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ბლოკის წევრი გახდა, შვედეთი ავტომატურად აღმოჩნდა ნატოს მფარველობის ქვეშ. შეხედეთ რუკას და თვითონ დარწმუნდებით.

მაშ რატომ ფართი-ფურთობს შვედეთის ხელისუფლება? იმიტომ, რომ მისი ნატოში გაწევრიანება ამერიკას სურს, რაც ორი მთავარი მიზეზით არის განპირობებული:

პირველი – ამერიკას სურს შვედეთი ტრამპლინად გამოიყენოს არქტიკის რესურსების წვდომისათვის;
მეორე – ამერიკა ნატოს კონტროლის ერთგვარ მექანიზმად განიხილავს: ვაშინგტონის აზრით, არ უნდა დარჩეს ევროპაში არცერთი ისეთი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, მაგრამ ნატოს შემადგენლობაში არ შედის.
ამრიგად, ყველა ქვეყანა ერთი სახურავის ქვეშ იქნება და ყველას აშშ გააკონტროლებს. აი, ასე ესმის ვაშინგტონს „ევროპული უსაფრთხოება“.

თუმცა, არავინ ყურადღებას არ აქცევს იმ გარემოებას, რომ ასეთ პირობებში ამერიკის მიერ ნაყიდი ნატო თავის თავდაპირველ ფუნქციებს უკვე ვეღარ შეასრულებს.

ევროპის სტაბილურობა ამერიკაში განიხილება არა როგორც საერთაშორისო კავშირის არენად, არამედ როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის არეალად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკას სურს ნატო ევროპის მაკონტროლებელ სტრუქტურად გადააქციოს და არა როგორც რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ კავშირად.
ამის შედეგად ევროპა ამერიკასთან ერთად ერთ ფრონტზე იქნება ამერიკული ქოლგის ქვეშ, ხოლო თვითონ უშუალოდ აშშ თვალს სხვა რეგიონებს მიაპყრობს.

წყარო