„რატომ შეცვალა ვიქტორ ორბანმა თავისი პოზიცია უკრაინისადმი დახმარების მიმართ“ – უცხოური პრესა

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ შეცვალა ვიქტორ ორბანმა თავისი პოზიცია უკრაინისადმი დახმარების მიმართ“ (ავტორი – ნიკ ტორპი, „ბი-ბი-სის“ ბუდაპეშტელი კორესპონდენტი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

როგორც ცნობილია, გასული თვის ბოლოს უნგრეთმა, ევროსაბჭოს სამიტზე, ევროკავშირის განზრახვა დაბლოკა, რომელიც უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებდა, მაგრამ პირველ თებერვალს გამართულ სამიტზე დახმარებას მხარი დაუჭირა.

რაშია საქმე?

საქმე იმაშია, რომ ვიქტორ ორბანი, რომელზეც ევროპელი ლიდერების უძლიერესი ზეწოლა განხორციელდა, მიხვდა, რომ ვერ გაიმარჯვებდა იმ ბრძოლაში, რომელიც უკრაინისათვის დახმარების გამოყოფა წარმოადგენდა.
რასაკვირველია, როცა ლიდერი ჯერ მტკიცე უარს აცხადებს, ორიოდე დღის შემდეგ სწრაფად იხევს უკან და თანხმდება, ასეთი მოქმედება მის რეპუტაციას ზიანს აყენებს. ეს ყველაფერი ვიქტორ ორბანმა კარგად იცის და ამიტომ ისე გააკეთა, რომ სამშობლოში თავისი მომხრეების თვალში სახელი არ გასტეხოდა.

უნგრეთის პრემიერმა, სამიტის დაწყებამდე, ბრიუსელის ქუჩებში გაიარა და ფერმერების საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღო ანუ „ხალხთან ახლოს დადგა“. ეს იყო სიგნალი უნგრელი და ევროპის სხვა ქვეყნების ამომრჩევლებისათვის იმისა, რომ ივნისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნებში როგორი მრწამსის პოლიტიკოსები უნდა იქნენ არჩეულნი. ეს იყო მინიშნება იმისა, რომ ბრიუსელის პოლიტიკა ცვლილებები ჭირდება და ის ბიუროკრატები, რომლებიც უკრაინას განუსაზღვრელი რაოდენობით აძლევენ ფულს და ამ დროს საკუთარი ფერმერების მძიმე მდგომარეობას ყურადღებას არ აქცევენ, არ ცდილობენ მათთვის სუბსიდიების გამოყოფას საწვავისა და სხვა მასალების გაძვირების გამო და ფულს კიევში გზავნიან, ისინი [ბიუროკრატები] პოლიტიკას უნდა ჩამოშორდნენ.

მოკლედ, ვიქტორ ორბანმა ეს ბრძოლა წააგო, მაგრამ მას იმედი აქვს, რომ უფრო მასშტაბურ ბრძოლაში გაიმარჯვებს და ევროკავშირს შიგნიდან შეცვლის – საარჩევნო ურნების მეშვეობით. [თუ ევროპარლამენტში ვიქტორ ორბანის მსგავსი ულტრამემარჯვენეები მოვლენ, მაშინ პარლამენტის დადგენილებები გარკვეულწილად სავალდებულო იქნება შესასრულებლად ევროკომისიისათვის და ევროსაბჭოსათვის].

წყარო