რატომ მიმდინარეობს დაყოვნებით უკრაინის არმიის კონტრშეტევა – რას წერს უცხოური პრესა

ამერიკული გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Jounal) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რატომ მიმდინარეობს დაყოვნებით უკრაინის არმიის კონტრშეტევა“. პუბლიკაციის ავტორები – იან ლოვეტი და დენიელ მაიკლსი – ცდილობენ პასუხი გასცენ კითხვას, რომელსაც პრაქტიკულად ყოველდღიურად უსვამენ უკრაინელ პოლიტიკოსებს და მათ დასავლელ მოკავშირეებს: რატომ მიმდინარეობს ასე ნელა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინასწარ ფართოდ რეკლამირებული კონტრშეტევა რუსეთის წინააღმდეგ.

როგორც ავტორები აღნიშნავენ, გასულ წელს უკრაინამ, მოხერხებული მანევრების წყალობით, ცოცხალი ძალის, შეიარაღებისა და ავიაციის მხარდაჭერის გარეშე, შეძლო უპირატესობის მოპოვება რუსეთის არმიაზე, შეტევა დაიწყო და ხარკოვის ოლქში ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნა. უკრაინელმა სამხედროებმა, სიტუაციის ღრმა შესწავლით, მაღალი პროფესიული დონით, დრონებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, უკუაგდეს ბევრად მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული რუსეთის არმიის ქვედანაყოფები…

მაგრამ დღეს ვითარება, შარშანდელთან შედარებით, სულ სხვაა – უკრაინის არმიის წარმატებული პერიოდი უკან დარჩა. ამჟამად უკრაინა ცდილობს თავისი ტერიტორიიდან ისეთი მტერი გააძევოს, რომელიც „ღრმად არის ჩამჯდარი მიწაში“ – რუსებმა თვეების განმავლობაში კარგად გამაგრებული ზღუდეები შექმნეს: სანგრებისა და ტრანშეების ქსელით, ბუნკერებით, საცეცხლე წერტილებით, ტანკსაწინააღმდეგო „ხაფანგებით“ და დანაღმული ველებით. ასეთი ზღუდეების გადალახვა შემტევი მხარისთვის ერთ-ერთ ურთულეს სამხედრო ოპერაციას წარმოადგენს.

დღევანდელ სიტუაციაში უკეთეს მდგომარეობაში რუსული არმიაა, რომელიც თავდამცავ მხარეს წარმოადგენს. როგორც ვაშინგტონის ბრუკინგის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი მაიკლ ო’ჰენლონი ამბობს, საერთოდ, ომის წარმოებისა და სამხედრო ხელოვნების თანახმად, გამაგრებული პოზიციების დაკავება ძალიან ძნელია და მეტი დანაკარგებია მოსალოდნელი, ვიდრე თავდაცვის დროს. მაგალითად, უკრაინელი ჯარისკაცების თქმით, რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში კილომეტრობით გამაგრებული ზიგზური სახის ხაზები ააგეს, რომლებიც ერთმანეთთან სეერთებულია ბეტონირებული ტრანშეებით და საცეცხლე წერტილებით. ისინი კარგად არის შენიღბული და მათი დრონებით აღმოჩნე ასაკმაოდ ძნელია. გამაგრებული პოზიციების წინ მდებარე ველები მჭიდრო არის დანაღმული.

„ასეთი წინასწარ მომზადებული პოზიციების სრული განადგურება შეუძლებელია“, – განუმარტავს სიტუაციას სტატიის ავტორებს ერთ-ერთი უკრაინელი ოფიცერი. მისი თქმით, ასეთი პოზიციის ხელში ჩაგდებისათვის აუცილებელია ჯერ ძლიერი საარტილერიო დაბომბვა, შემდეგ ჯავშანტექნიკის წინსვლა, ბოლოს კი ქვეთთან ქვედანაყოფების მოქმედება. მაგრამ როცა საკმარისი რაოდენობის ტანკები არ არის, ასეთი სტრატეგიის რეალიზება შეუძლებელია. მით უმეტეს, თუ ჰაერიდან ავიაციის დახმარების იმედი არ არსებობს.

ომების ისტორიიდან ცნობილია, რომ თავდამცავი მხარის გაძევება გამაგრებული პოზიციებიდან მსოფლიოს ძლიერი არმიებისათვისაც კი მძიმე ამოცანას წარმოადგენს. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეებს (ამერიკელებს, ბრიტანელებს და კანადელებს) გერმანიის მიერ ოკუპირებული საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში –  ნორმანდიის ნაპირებზე გადმოსხმის შემდეგ ორი თვე დაჭირდათ ფაშისტების თავდაცვითი ზღუდეების გასანადგურებლად – და ეს იმ პირობებში, როცა მოკავშირეები რიცხობრივად გერმანელებზე მეტნი იყვნენ და მათ ავიაცია მხარს აქტიურად უჭერდა.

1991 წელს, ერაყის ომში შეტევითი ოპერაციის – „უდაბნოს ქარიშხალის“ რეალიზების დროს, სანამ მისი სახმელეთო ნაწილი დაიწყებოდა, აშშ-ის ავიაცია ხუთი კვირის განმავლობაში ბომბავდა ერაყის არმიის პოზიციებს, რათა ქვეითებს წინსვლა გაადვილებოდათ.

წყარო