რატომ არ აფინანსებდა ზურაბიშვილი ვიზიტებს ბიუჯეტიდან? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის – საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, პრეზიდენტი არის ხელშეუვალი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, როგორც კი სალომე ზურაბიშვილს ამოეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, დარღვევის შემთხვევაში, მაშინვე შეიძლება მოხდეს სისხლის სამართლებრივი საქმის წამოწყება.
„საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, პრეზიდენტი არის ხელშეუვალი. რატომ არ აფინანსებდა ის ვიზიტებს ბიუჯეტიდან? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის. შეიძლება ამ წლის განმავლობაში, მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, მაგრამ როგორც კი ამოეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს ასეთი სისხლის სამართლებრივი საქმის წამოწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გასწევდა ხარჯებს ვიზიტების დასაფინანსებლად. თუ კვლავ წავიდა ვიზიტით, საკუთარი ხარჯებით, ეს იქნება კონსტიტუციის მორიგი უხეში დარღვევა. კონსტიტუციაში წერია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაც ისჯება კანონით და კანონში არსებითად იგულისხმება სისხლის სამართლის კანონიც. რაც შეეხება კვალიფიკაციის მინიჭებას კონკრეტული ქმედებისთვის, ეს არის პროკურატურის საქმე“,-განაცხადა კობახიძემ.