ნებისმიერი პარტია, რომელიც უარს იტყვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმის განხორციელების პროცესში ჩართვაზე, გაფორმდება, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ძალა – რატი იონათამიშვილი

ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და ჯგუფი, რომელიც უარს იტყვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმის განხორციელების პროცესში ჩართვაზე, ავტომატურად გაფორმდება, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ძალა ჩვენს ქვეყანაში, რომლის ერთადერთი ამოცანა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების ხელშეშლაა, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

რატი იონათამიშვილის აზრით, “ქართული ოცნების” მიერ შეთავაზებული გეგმა პოლიტიკური პარტიებისთვის მანიპულაციის სივრცეს არ ტოვებს.

“დღეს როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ევროპარლამენტარები დადებითად აფასებენ იმას, რომ გეგმა შემუშავებულია, ამაზე რადიკალური რეაქციები ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში იქნება. საქართველოს პარლამენტს მუშაობა არ შეუწყვეტია, ჩვენ პროაქტიულ რეჟიმში ვმუშაობთ და ევროკავშირის რეკომენდაციების 12-პუნქტის შესრულებაზე საპარლამენტო საქმიანობას გადამწყვეტი როლი ექნება. როდესაც დღეს ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ პარლამენტი არ მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ მუშაობენ პარლამენტში”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.