რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვორონეჟთან მიახლოებისას სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა.
მისი თქმით, თავდსხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ვორონეჟიდან რამდენიმე კილომეტრში, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს სამი უპილოტო საფრენი აპარატი. მსხვერპლი და დაზიანებები არ ყოფილა“, – წერს გუსევი „ტელეგრამ“ არხზე.
ამასთან, კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
„ღამით ქალაქ კურჩატოვში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივი დაზიანდა. არავინ დაშავებულა“, – წერს რომან სტაროვოიტი „ტელეგრამ“ არხზე.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ უკრაინამ დაპირებული კასეტური საბრძოლო მასალა უკვე მიიღო.
”ამ დროისთვის, კასეტური საბრძოლო მასალები მართლაც ჩასულია უკრაინაში”, – განაცხადა გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა.
ამასთან, ამერიკელ გენერალს არ დაუკონკრეტებია, გამოიყენეს თუ არა უკრაინელმა ჯარისკაცებმა მიღებული კასეტური საბრძოლო მასალა.
შეგახსენებთ, მანამდე, ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის, „ტავრიას“ მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ-სგან კასეტური საბრძოლო მასალები მიიღო, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოუყენებია. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ კვირას აღნიშნა, რომ რთული გადაწყვეტილება მიიღო და კასეტური საბრძოლო მასალის უკრაინისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა