რუსეთმა უკრაინაში კიევის, ოდესის, ლვოვის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის რეგიონებში საცხოვრებელ უბნებზე და ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური შეტევა განახორციელა. ლვოვის ოლქში სარაკეტო იერიშს ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაბომბვის შემდეგ შენობის ნაწილი ჩამოინგრა და ხანძარი გაჩნდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა სარაკეტო იერიში სამ თბოელექტროსადგურზე განახორციელა, რასაც ობიქტების სერიოზული დაზიანება მოჰყვა. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად გამორთულია რუსული სარაკეტო დარტყმის გამო. დაბომბვის შედეგად ხარკოვი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 81 სხვადასხვა ტიპის რაკეტა ისროლა, მათ შორის 28 „X-101/X-555“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა, 20 „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა, 6 „X-22“-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა, 8 მართვადი საავიაციო რაკეტა, 13 „ეს-300“-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა, ასევე გაუშვა 8 „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო თვითმფრინავი.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 34 ფრთოსანი რაკეტა და ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ხუთი მიმართულებით მოწინააღმდეგის 102 შეტევა მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, „მტერი ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობებს არ წყვეტს“.
„ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე. გასული დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა დამპყრობლების მიერ მათ წინააღმდეგ განხორციელებული 102 თავდასხმა მოიგერიეს“, – აცხადებენ გენშტაბში.
უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე.
„რუსი აგრესორი არ თმობს უკრაინის ოკუპაციის განზრახვას და აგრძელებს ტერორისტული ტაქტიკის გამოყენებას, რითაც უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში, საერთო ჯამში, მტერმა სხვადასხვა ბაზირების 95 რაკეტა გაუშვა.
„ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს 34 რაკეტა. მტერმა ასევე განახორციელა 31 საჰაერო დარტყმა, კერძოდ, გამოიყენა „შაჰედ-136“ ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთა ნახევარი ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს. მტერმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 65-ჯერ გახსნა“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
უწყების განმარტებით, უკრაინის მასშტაბით სარაკეტო საფრთხის დონე კვლავ მაღალია.
„აშკარაა, რომ ტერორისტი სახელმწიფო ცდილობს ეომოს ცივილიზებულობას და ამან ზოგიერთ რეგიონში ელექტროენერგიის, გათბობის ადა წყლის მიწოდების დროებითი გათიშვა გამოიწვია. რუსულმა რაკეტებმა ამ იერიშის შედეგად 6 უკრაინელის სიცოცხლე შეიწირეს. ენერგოობიექტებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. რა მასშტაბისაც არ უნდა იყოს რუსული ბოროტება, უკრაინელები მაინც არ იქნებიან ბორკილებში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ .