რა ეტაპზეა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებები? – Voice of America

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ანალიტიკური სტატია სათაურით „რა ეტაპზეა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებები?“, რომელშიც განხილულია ვაშინგტონის შუამავლობით მიმდინარე ერვან-ბაქოს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცე – არის თუ არა პროგრესი და თუ არ არის, რა უშლის ხელს წარმატების მიღწევას.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, ვაშინგტონში, მიმდინარე თვის დასაწყისში უნდა გამართულიყო. ჯერ კიდევ 5 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა თქვა, რომ შეხვედრა, მართალია, ცოტა დაგვიანდა, მაგრამ უახლოეს დღეებში აუცილებლად გაიმართებაო, თუმცა, მოგვიანებით, 8 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი ვაშინგტონში გადაიდო.

ბაქო-ერევნის პოზიციები

ამ დროისთვის გაურკვეველია, რატომ გადაიდო მოლაპარაკებები. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის გადადება აზერბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა. დღეს სომხეთის პარლამენტის ზოგიერთმა წევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გადადება შესაძლოა აზერბაიჯანში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ვიზიტს უკავშირდებოდეს. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გადადების მიზეზების შესახებ, ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ვაშინგტონს და ბაქოს. ამ დრომდე ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის დაგეგმვის შესახებ.

ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ასევე საუბრობდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. შარლ მიშელმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირებთან გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ვაშინგტონში მოლაპარაკებები 12 ივნისს იყო დაგეგმილი. ამის შემდეგ, 21 ივლისს, სომხეთ-აზერბაიჯანის სამიტს ბრიუსელი უმასპინძლებს.

სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს სულ უფრო ხშირად დასავლეთის დედაქალაქებში ხვდებიან, ვიდრე მოსკოვში. ასევე გახშირდა განცხადებები, მოლაპარაკებების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ.

გარდამტეხ მოვლენად, მაისში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება მიიჩნევა, როცა მან მზადყოფნა გამოთქვა, მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს. თუმცა, ბაქომ ამისთვის გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილოს.

“სომხეთი მზადაა, აღიაროს [აზერბაიჯანის] ტერიტორიული მთლიანობა 86 600 კვადრატულ კილომეტრზე და ჩვენი აზრით, აზერბაიჯანი მზადაა, ცნოს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა 29 800 კვადრატულ კილომეტრზე. აზერბაიჯანის ტერიტორიის 86 600 კვადრატული კილომეტრი მოიცავს მთიან ყარაბაღს. მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი, სტეფანაკერტი-ბაქოს დიალოგის ფარგლებში უნდა განიხილოს. ვგულისხმობ იმას, რომ მათი უფლებები შესაძლოა უბრალოდ დავიწყებას მიეცეს, აზერბაიჯანმა კი ძალის გამოყენებით, სომხების ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პოლიტიკა განაგრძოს. მნიშვნელოვანია არსებობდეს საერთაშორისო გარანტიები, რომ ეს პოლიტიკა არ გაგრძელდება,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, საპასუხოდ ვლადიმირ პუტინთან მაისში გამართულ შეხვედრისას თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების პროცესი გაცილებით მარტივად წარიმართება: „ვფიქრობ, მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის კონკრეტული ციფრების მითითებით, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ სომხეთის ხელმძღვანელობის ბოლო განცხადებების შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულების სხვა პუნქტებზე შეთანხმების საკითხი გაცილებით მარტივად წარიმართება, რადგან ეს იყო მთავარი ფაქტორი, რაზეც ჩვენ წარსულში ვერ შევთანხმდით“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

მაისის ბოლოს, კრემლში ბოლოს გამართული სამმხრივი შეხვედრა ერთობლივი განცხადების, ან რაიმე დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ცნობით, ხელმოსაწერად სულ მცირე ორი დოკუმენტი მზადდებოდა – ერთი სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენას ეხებოდა, მეორე კი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივი განცხადება უნდა ყოფილიყო.

„შესაძლებლობების ფანჯარა“

მიმომხილველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსკოვი სომხეთს კარგავს და ამის ერთ-ერთი ნიშანი, რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მყიფე შეთანხმების შემდეგ, სამშვიდობო მოლაპარაკებების ცენტრის ერთგვარად ბრიუსელსა და ვაშინგტონში გადმოტანაა. ვაშინგტონი ორ ქვეყანას შორის მშვიდობის მისაღწევად, შესაძლებლობების ფანჯარას ხედავს.

„თავად სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ახლა, ამ ორ ლიდერთან, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და პრეზიდენტ ალიევთან, რომლებიც გამბედაობას და მონდომებას აჩვენებენ, შესაძლებლობის ფანჯარას ხედავს. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია სამშვიდობო შეთანხმება, რაც კარს გაუღებს ნორმალიზებას და შესაძლებლობებს მთელ რეგიონში“ – თქვა „ამერიკის ხმასთან ინტერვიუში, სამხრეთ კავკასიის საკითხებში აშშ-ის ყოფილმა უფროსმა მომლაპარაკებელმა, ფილიპ რიკერმა.

თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ნებისმიერი ღია ფანჯარა შეიძლება დაიხუროს, ამიტომ მხარეებმა არსებული შესაძლებლობები სრულად უნდა გამოიყენონ. რიკერი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.

„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ცხადია გავლენას ახდენს მთელ რეგიონზე. ეს გვახსენებს, რომ სამხრეთ კავკასია რთული სამეზობლოა და რომ რთული მეზობელი ჰყავს. რა თქმა უნდა, ამის დემონსტრირება უკვე ვიხილეთ 2014 წელს, რუსეთის ყირიმში შეჭრით და უკანონო ანექსიით. რა თქმა უნდა, ამის მაგალითია საქართველო, რომლის ტერიტორიების 20% რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვთ და ეს 2008 წლის შემდეგ, ძალიან დიდი ხანია გრძელდება. ასე რომ, ეს სომხეთსა და აზერბაიჯანს მოტივაციას უნდა აძლევდეს, წინსვლისთვის საკუთარი გზა იპოვონ. ორმა ლიდერმა ერთმანეთს უნდა მოუსმინოს, ერთმანეთთან რაც შეიძლება მეტი ჩართულობით უნდა ისაუბრონ. უსაფრთხოება ყველას სურს, უსაფრთხოებას მოაქვს კეთილდღეობის შესაძლებლობა. ჩვენ ვხედავთ რეგიონს, რომელსაც დიდი შესაძლებლობები აქვს. თუ უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება, ამ რეგიონს სავაჭრო, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკული განვითარების და სატრანსპორტო კავშირების დამყარების პოტენციალი აქვს, შუა აზიიდან შავი ზღვის გავლით, რაც ყველას მოუტანს სარგებელს,“ – ამბობს რიკერი.

ერევანში არსებობს მოლოდინი, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლომდე მოეწეროს. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ამის რესურსს საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელებაში ხედავს.

წყარო