შესაბამისი უწყებები მზად არიან იმ გამოწვევებზე სათანადო პასუხისთვის, რასაც გარედან თუ შიგნიდან გვახვევენ ის ადამიანები, რომლებსაც განზრახული აქვთ, საქართველოში ძალადობრივი გზით შეიცვალოს ხელისუფლება, რადგან ფიქრობენ, რომ არჩევნებით დღეს ხელისუფლების შეცვლა ოპოზიციას არ შეუძლია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ქართული, შემდგარი სახელმწიფო ამას არ დაუშვებს.
„საუბარი გვქონდა სუს-ის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინ გვქონდა ასევე ახალი ინფორმაცია, რომ საქართველოში იგეგმებოდა, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეული ღონისძიებები. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გვაცნობა და შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ნახევარი, რაც ჩვენ გავიგეთ წინა ბრიფინგიდან, უკვე გამართლდა, ახდა, როგორც იტყვიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ღლიცინსაც კი არ იშურებდნენ ამ ახალი ინფორმაციის მისამართით. უკვე ვნახეთ, რომ, დიახ, ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგები უცხოური დაფინანსებით და ამის ავტორები და შემოქმედები იყვნენ ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლები, რომლებიც ასევე დასახელებული იყვნენ სუს-ის წინა ბრიფინგის ტექსტში. მეორე ნახევარი უკვე არის ამ გეგმის აღსრულება, რასაც ქართული სახელმწიფო, შემდგარი ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს და შესაბამისი უწყებები მზად არიან იმ გამოწვევებზე სათანადო პასუხის გასაცემად, რასაც გარედან თუ შიგნიდან გვახვევენ ის ადამიანები, რომლებსაც განზრახული აქვთ, საქართველოში ძალადობრივი გზით შეიცვალოს ხელისუფლება, რადგან ფიქრობენ, რომ ჩვეულებრივი, დემოკრატიული, ლეგიტიმური – ანუ, არჩევნების გზით საქართველოში დღეს ხელისუფლების შეცვლა ქართულ ოპოზიციას არ შეუძლია. ამიტომ ფიქრობენ, რომ შეცვალონ ხელისუფლება ძალადობრივი გზით, ამის შემდეგ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოს მეორე ფრონტად ქცევა. ამას არ დაუშვებს ქართული, შემდგარი სახელმწიფო და ქართული საზოგადოება. მხარდაჭერა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე თითოეული მოქალაქის ფიქრი, განსაკუთრებით ეროვნულ და სახელმწიფოებრივ საკითხებზე, არის იმის საფუძველი, რომ ასე მყარად ისაუბროს მმართველმა გუნდმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.