ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ – ამის საუკეთესო მაგალითი იყო აქციაზე მისვლა – კახა კალაძე

 

დედაქალაქის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, უცხოელი პოლიტიკოსები ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას ხელს უწყობენ.

 

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა ამის საუკეთესო მაგალითია.

 

„სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას ხელს უცხოელი პოლიტიკოსები უწყობენ. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამის საუკეთესო მაგალითი იყო გუშინდელი აქცია. უცხოელი პოლიტიკოსები პირდაპირ მივიდნენ და სიტყვით გამოვიდნენ აქციაზე. ეს არის პირდაპირი ჩარევა უცხო ქვეყნის საქმეებში. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ადგეს, ჩავიდეს ერევანში, ან იტალიაში და ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! ეს არის ის ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ბოლო დღეებისა და თვეების განმავლობაში. ეს არის ძალიან კარგი ლუსტრაცია და საუკეთესო მაგალითი იმის, რომ კიდევ ერთხელ საზოგადოება დარწმუნდეს თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, საიდან იმართება ეს ყველაფერი და ვინ დგას ამის უკან.

 

რადიკალიზმი, ძალადობა, ყოველთვის იქნება წაგებული და, რა თქმა უნდა, ყოველთვის სიკეთე და სინათლე გაიმარჯვებს ბოროტებასა და წარსულზე. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია და დააპირისპიროს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ერთმანეთთან. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა გამოიყენოს სათავისოდ და ქვეყანაში შეიქმნას იგივე ვითარება, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ხდება უკრაინაში. ჩვენ ომგამოვლილი ქვეყანა ვართ და არაერთი ომი გვიწარმოებია. ვიცით რამხელა უბედურების მომტანია ეს ყველაფერი“,- განაცხადა კალაძემ.