ათასობით აღფრთოვანებული ქართველი გულშემატკივარი ქვეყნის დედაქალაქ თბილისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა, რათა ამაღელვებელი დებიუტის შემდეგ ევრო 2024-დან დაბრუნებულ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს დახვედროდა, – ასე ეხმიანება უცხოური მედია Reuters-ი თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თავისუფლების მოედანზე მისვლამდე ფეხბურთელები თბილისში ღია ავტობუსით გადაადგილდებოდნენ და მათ ოვაციებით და ტაშით ხვდებოდნენ.
“ერი სიხარულით არის სავსე. მეც ძალიან მიხარია, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქეს”, – განუცხადა Reuters-ს ქართველმა გულშემატკივარმა გიორგი ბენდელიანმა.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთელებს ღირსების ორდენი გადასცა.
„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც გერმანიაში ქვეყნის ოთხივე მატჩს დაესწრო, თითოეულ მოთამაშეს საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო, ღირსების ორდენი გადასცა“, – წერია ინფორმაციაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ „„ქართველმა ფეხბურთელებმა მთელს ევროპაში შექება დაიმსახურეს ამაღელვებელი თამაშების სერიისთვის, მათ შორის შოკისმომგვრელი გამარჯვებით კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიასთან, ანგარიშით 2-0“.
„ახლა, ევროზე წარმატებული დებიუტის შემდეგ, ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიასა და თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძის, ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის ხელმძღვანელობით, ბევრი ქართველი იმედოვნებს, რომ მათი პატარა ქვეყანამ საფეხბურთო რუკაზე ადგილი დაიკავა“, – წერია ინფორმაციაში.