“ქართველებს კიდევ ერთი „ვარდების რევოლუცია“ სურთ?!” – Der Tagessspiegel

გერმანულ გაზეთ „ტაგესშპიგელში“ (Der Tagessspiegel) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პროტესტები რუსეთის წინააღმდეგ: ქართველებს კიდევ ერთი „ვარდების რევოლუცია“ სურთ?!“ (ავტორი – ქრისტოფ ფონ მარშალი).

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

საქართველო სტუმარ-მნახველთათვის გამოცანას წარმოადგენს: რასაც ხედავთ და რასაც ისმენთ, ერთმანეთს არ ემთხვევა. ამ ქვეყანაში რამდენიმე დღის ყოფნის შემდეგ მიდიხართ ისეთ დასკვნამდე, რომელიც რეჟისორ როზა ფონ პრაუნჰაუმის ცნობილი ფილმის სათაურშია – „ქართველები კი არ არიან „ცუდები“, არამედ სიტუაცია, რომელშიც ისინი ცხოვრობენ“.

თბილისის ქუჩებში, შენობებზე ხშირად დაინახავთ „გრაფიტებს“ – არაორაზროვან წარწერებს და ნახატებს, ვთქვათ, ასეთებს: „სსრკ-ში დაბრუნება? არასოდეს“, – „პუტინი – მკვლელი“, ირგვლივ უკრაინის ყვითელ-ცისფერი და ევროკავშირის ვარსკვლავებიანი ლურჯი დროშები ფრიალებს, ეროვნულ თეთრ ფონიან და წითელჯვრებიან დროშებთან ერთად.

გამოკითხვები ადასტურებენ რუსეთის მოსაზღვრე სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს პროევროპულ ორიენტაციას. ევროკავშირს ქართველებში უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე მისსავე წევრებში: საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროინტეგრაციისა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.

მაგრამ რამდენად არის შესაბამისობაში მთავრობისა და მმართველი პარტიის კურსის მოსახლეობის სურვილთან? ამ რამდენიმე დღის წინათ საქართველო დაეთანხმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ორ ქვეყანას შორის 2019 წელს შეწყვეტილი ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე. ცოტა უფრო ადრე კი საქართველოს ხელისუფლება შეეცადა თითქმის ისეთივე კანონპროექტი მიეღო არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით, როგორიც რუსეთშია – „უცხოური აგენტების შესახებ“.

ის, რომ მმართველ პარტიას, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში 2012 წლიდან არის, რომელიც პრორუსულ კურსს ატარებს და ამ დროს კიდევ აქვს გამარჯვების იმედი მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში, საკმაოდ გასაკვირია. მისი დღევანდელი მოქმედება სულაც არ არის სამომავლო წარმატების რეცეპტი“.

ოპოზიციისა და…

ოპოზიციის აზრით (გერმანელი ჟურნალისტი ესაუბრება იუსტიციის ყოფილ მინისტრს გიორგი ვაშაძეს), მთავრობას არ შეუძლია ღიად გამოვიდეს დასავლური კურსის, ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ის ამას მალულად აკეთებს და თავის საქმიანობის კოორდინაციას რუსეთთან ახდენს, რომ მოსახლეობის ევროპული ლტოლვა შეასუსტოს“. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება დევნის თავის მოწინააღმდეგეებს და ისინი დაპატიმრებულები არიან – ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციური ტელეარხის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია. ირღვევა კანონის უზენაესობის პრინციპი. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ პოლიტიკის უკან დგას ოლიგარქი-მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი – მან ქონება რუსეთში დააგროვა, „კრემლის კაცად“ ითვლება და მოსკოვთან ახლო კავშირები აქვს. რუსეთთან საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების დონე ისევ მატულობს.

…ხელისუფლების თვალსაზრისი

ხელისუფლების აზრით (ჟურნალისტი ესაუბრება დეპუტატ ნიკოლოზ სამხარაძეს, „ქართული ოცნების“ წევრს), რომლის თქმით, ოპოზიციის განცხადებები მთლიანად სიცრუეა, ცილისწამება და მიმართული იქითკენ, რომ მათ საკუთარი სისუსტე დაფარონ.

„ფრენების აღდგენა? ეს რუსეთის გადაწყვეტილებაა. ქართულ კერძო კომპანიებს უფლება აქვთ თვითონ იმოქმედონ სანქციების დაცვის გათვალისწინებით.

რომელ პრორუსულ კურსზეა ლაპარაკი, როცა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ძირითად კანონში – კონსტიტუციაშია დაფიქსირებული და როცა საქართველო უარს აცხადებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე? როცა ზედმიწევნით ზუსტად ვიცავთ ანტირუსულ სანქციებს?

კანონი „უცხოური აგენტების“ შესახებ? თქვენთანაც, გერმანიაში ხომ არიან ვალდებული მასმედიის საშუალებები და არასამთავრობოები დაფინანსების წყარო აჩვენონ? ჩვენ უბრალოდ მოსახლეობას სათანადოდ ვერ ავუხსენით…
რომელ მასმედიის შეზღუდვა-დაშინებაზე ლაპარაკობთ? ერთადერთი ჟურნალისტის სიკვდილი ტრაგიკულ შემთხვევას წარმოადგენს და მისი დაღუპვის შემდეგ 45 ადამიანი იქნა დაკავებული. ჟურნალისტების მიმართ ძალადობის სხვა ფაქტები არ არსებობს.

იცით თუ არა, რომ ჩვენთან, 3,7 მილიონიან ქვეყანაში 27 რადიოსადგური მუშაობს? საქართველოში ბოლო წლებში არცერთი მასობრივი ინფორმაციის საშუალება არ დახურულა…

ოპოზიციურ მასმედიას აკრედიტაციაზე უარს ვეუბნებით? თქვენი ნათქვამი სინამდვილეს არ შეესაბამება. პარლამენტში ყველა ოპოზიციური მასმედიის ჟურნალისტია აკრედიტებული. ჩვენ აქ, საკანონმდებლო ორგანოში ვაძლევთ მათ ინტერვიუებს. დიახ, ჩვენ არ ვმონაწილეობთ ისეთ თოქ-შოუებში და გადაცემებში, რომლებშიც შეურაცხყოფას გვაყენებენ, „პუტინის მარიონეტებს“ გვიწოდებენ“.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძე აღნიშნავს, მთავრობის ფრთხილი მოქმედება რუსეთის მიმართ განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ძლიერი მეზობლის სამხედრო ბაზები თბილისიდან 20 წუთის სავალზეა განლაგებული. რუსულ ტანკებს რამდენიმე წუთში შეუძლიათ გადაჭრან აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ერთმანეთთან დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე გზატკეცილი და რკინიგზა. რუსეთთან კონფლიქტის პროვოცირება და სიტუაციის ესკალაცია ერთ წინდაუხედავ ნაბიჯსაც შეუძლია. საქართველოში 2008 წლის ხუთდღიანი ომის გახსენება „ძალიან მტკივნეული თემაა“. იმ დროიდან რუსეთის არმიას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. 250 ათასი ქართველი იქნა გაძევებული მშობლიური ადგილებიდან. „ეს აღარ უნდა განმეორდეს“.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის კურსს, ის არ არის პრორუსული და ნეიტრალური უკრაინის მიმართ. ბევრი ქართველი იბრძვის უკრაინაში თავისი მოქალაქეობრივი პოზიციის საფუძველზე. ჩვენი დაღუპული თანამემამულეების სამშობლოში ჩამოსვენება და მათი დაკრძალვა სამხედრო წესის დაცვით ხდება. ამასთან, ჩვენ არ შეგვიძლია სამხედრო დახმარების გაწევა, იარაღი ჩვენ თვითონაც არ გვყოფნის

ვის ენდობა მოსახლეობა?

მოქალაქეთა უმრავლესობა არ ენდობა არც მთავრობას და არც ოპოზიციას. ისინი გაღიზიანებულნი არიან ორივე ბანაკის დაპირისპირებით და ერთმანეთის დისკრედიტაციით. გამოკითხვების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს 19%, ოპოზიციას („ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“) კი მხოლოდ 14%. გამოკითხულთა 39% არცერთს მხარს არ უჭერს, მაგრამ 78%-ს სურს, რომ პოლიტიკაში ახალი სახეები, ახალგაზრდები იხილოს, ან… „ვარდების მეორე რევოლუცია“ უნდა მოხდეს, რომელიც პოლიტიკურ სიტუაციას რადიკალურად შეცვლის.

ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი აქვთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც 2003 წლის მოვლენებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს – ისინი ვარდებით ხელში აპროტესტებდნენ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებას და საბოლოო ჯამში ხელი შეუწყოს იმდროინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის თანამდებობიდან გადადგომას.

რას ელოდება სტუდენტი ახალგაზრდობა ევროკავშირისაგან? მიიღებს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსს? „ჩემი აზრით, საქართველო ჯერ კიდევ ვერ ასრულებს მოთხოვნებს“. , – ამბობს მარია, – მაგრამ იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი კანდიდატობის სტატუსს მაინც მოგვანიჭებს. თუ ასე არ მოხდება, უარი რუსეთისათვის იმის სიგნალი იქნება, რომ კრემლს რაც მოესურვება, იმას გაგვიკეთებს“.

მოკლედ, საქართველოში სურვილი და რეალობა ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან.

წყარო