დღეს თავისუფლების მოედანზე მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. 19:00 საათზე „ქართული ოცნება“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთო მიზნების ირგვლივ გაერთიანებისკენ.
მმართველი პარტიის წევრების თქმით აქ იქნება ყველა, ვისთვისაც ქვეყნის ღირსება, მშვიდობა და სტაბილური გარემო მნიშვნელოვანია. სახელისუფლებო პარტია ღონისძიებაზე მოსვლისკენ ყველა მხარდამჭერს მოუწოდებს, რადგან მათივე თქმით ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ყველამ დაინახოს თუ სად დგას რეალურად ქართველი საზოგადოება.
„ყველა ის ემოცია, რომელსაც ერთმანეთს რეგიონებში შეხვედრების დროს ერთმანეთს ვუზიარებდით, თავს მოიკრეფს და ყველა ერთად შევთანხმდებით, რა მუხტით, რა ენერგიით და რა შემართებით მივდივართ 26 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გამოვიდეს – ქუდზე კაცი, არავინ დარჩეს სახლში, რომ ვაჩვენოთ შინ თუ გარეთ, სად დგას ქართველი ხალხი, რა ღირებულებების გარშემო ერთიანდება და როგორ ხედავს თავის მომავალს“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.