„ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ექნება – ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ისინი არ იბრძოლებენ კანდიდატის სტატუსისთვის, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის ნაწილისა და არასამთავრობოების შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე იმსჯელეს.
როგორც დეკანოიძე განმარტავს, მმართველ გუნდს დიალოგის და რეკომენდაციების შესრულების სურვილი არ აქვს.
„მმართველი გუნდი გუშინაც არ იყო ძალიან მნიშვნელოვან განხილვაზე. დღევანდელი განხილვაც 12 პუნქტს და მის შესრულებას ეხება, რაც რეალურად საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არავითარი კანდიდატის სტატუსი არ ექნება საქართველოს, იმიტომ, რომ ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ისინი არ იბრძოლებენ კანდიდატის სტატუსისთვის. მე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაში ახალი ვერაფერი დავინახე, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მათ სურვილი არ აქვთ არც დიალოგის, არც რეკომენდაციების შესრულების და არც სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის“, – აღნიშნა დეკანოიძემ.