„ქართული ოცნების“ დეპუტატებს მინდა მოვუწოდო, სანამ ვეტოს დაძლევის ღილაკს მიაჭერენ თითს, დაფიქრდნენ, რას აძლევენ ხმას – გიორგი ვაშაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს მინდა მოვუწოდო, სანამ ვეტოს დაძლევის ღილაკს მიაჭერენ თითს, დაფიქრდნენ, რას აძლევენ ხმას – თავიანთი თავის სანქცირებას თუ უვიზო მიმოსვლას ამერიკაში? – ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომლიც გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა.

 

მისი შეფასებით, აშშ-ს მხრიდან ეს საქართველოსთვის უპრეცედენტო შეთავაზებაა და მიიჩნევს, რომ ეს არა მმართველი პარტიის, არამედ ქართველი ხალხის დამსახურებაა.

 

„უპრეცედენტო შეთავაზება აქვს საქართველოს ამერიკელი პარტნიორებისგან – უვიზო მიმოსვლა, მეორე მხრივ ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც მილიარდობით ინვესტიციას ნიშნავს საქართველოში, უსაფრთხოების გაძლიერება და სამუშაო ადგილების შექმნა. სწორედ ეს არის შედეგი იმ ასობით ათასი ქართველის ქუჩაში გამოსვლისა და ქუჩაში პროტესტის. იმ ახალგაზრდების ბრძოლის, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს. ეს რომ მოვიდეს მოქმედებაში, აუცილებელია, ღიად ვთქვათ, რომ ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო. საქართველო უნდა დაუბრუნდეს დასავლური განვითარების კურსს. რომ ამ ქვეყანაში არ იყოს რუსული კანონების, რუსული რეჟიმების, ანტიმედასავლეთეების, ანტიქართველების ადგილი.

 

ჩვენ არაერთხელ, მანამდე ამერიკაში ვიზიტის დროს ვსაუბრობდით ამ შესაძლებლობებზე, ახლა ხმამაღლა საუბრობენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები. მე მაინტერესეს, რა პასუხს გასცემენ ამას “ქართული ოცნების“ დეპუტატები? ისევ „რუსული კანონის“ მიღებას აპირებენ? ისევ აპირებენ, რომ საქართველო დასავლური განვითარების გზას ააცილონ და ეს პერსპექტივა ჩაუხშონ და მოუკლან?

 

საჭიროა საერთო ეროვნული კონსოლიდაცია, არჩევნების მექანიზმით ხელისუფლების ცვლილება, დემოკრატიული პროდასავლური კოალიციური მეთოდით ხელისუფლებაში მოსვლა.

 

ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი ამერიკული კომპანიების საქართველოში გახსნას გულისხმობს, რომელიც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის. ეს არის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და ფაქტობრივად დიდი ნახტომისებრი განვითარება იქნება საქართველოსთვის. ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობისკენ და გზა ძლიერი, ერთიანი საქართველოსკენ, რომელიც ყველას გვინდა.

 

ეს ნაბიჯი არის ქართველი ხალხისთვის, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ პარტნიორებს აღარ ელაპარაკება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები „ქართულ ოცნებაში“ პარტნიორს ვერ ხედავენ. ორი არჩევანია, ან კომპანიები – apple, google, amazon და ა.შ. შემოდიან საქართველოში და ამერიკაში ხალხი უვიზოდ წავა, ან რუსეთის პროვინცია ხდები.

 

“ქართული ოცნების” დეპუტატებს მინდა მოვუწოდო, სანამ ვეტოს დაძლევის ღილაკს მიაჭერენ თითს, დაფიქრდნენ, რას აძლევენ ხმას – თავიანთი თავის სანქცირებას, თუ უვიზო მიმოსვლას ამერიკაში?” – განაცხადა ვაშაძემ.