თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხელისუფლებაში ყოფნისას, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორებოდა. მისივე თქმით, ოპოზიცია დღესაც იმით არის დაკავებული, თუ როგორ ავნოს ქვეყანას.
„ გუშინდელი რეზოლუციის გამო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნაადრევად იზეიმა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები არ ადევს და არც არასდროს დაედება. ეს ოცნება კი ჩვენს ოპონენტებს კვლავ ოცნებად დარჩებათ. თქვენ დაკავებული ხართ იმით, თუ როგორ ავნოთ ქვეყანას. თქვენ ცრუობთ და თქვენს პარტნიორებს ეუბნებით, თითქოს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია თავისუფლების ღირსნი არიან, ბიძინა ივანიშვილი კი თურმე სანქციებს იმსახურებს. რატომ გძულთ ასე თქვენი ქვეყანა?“- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, ამ ქვეყნის ისტორიაში, არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია იმდენი ევროინტეგრაციის პროცესში, რამდენიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, ხელისუფლება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას დაელოდება.
„ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჩვენ 24 საათიან რეჟიმში გავაგრძელებთ სვლას ევროკავშირისა და ნატოსკენ, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთაა“- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.