პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემაფერხებელია ევროინტეგრაციის გზაზე და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
მისი თქმით, პრეზიდენტმა კანონს დაამატა ერთი მუხლი და მიუთითა, რომ აღნიშნული კანონი უნდა გაუქმდეს. გიორგი მსხილაძის განმარტებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლებს არგუმენტების მოსმენა არ სურდათ და მუხლობრივ განხილვას ითხოვდნენ.
„ეს კანონი შედგებოდა ათი მუხლისგან და მე-11 დაამატა პრეზიდენტმა, რომ აღნიშნული კანონი მე-10 მუხლის ჩათვლით უნდა გაუქმდეს, რადგან კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას. ამას ამბობს არაერთი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორც ვენეციის კომისია, ისე ეუთო/ოდირი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელია. ამ არგუმენტების მოსმენა არ სურდათ, არ იყო საკმარისი იურიდიული კომიტეტისთვის, უნდოდათ ჩვენი მუხლობრივ-შინაარსობრივ ნაწილში შესვლა, კანონზე რომ გვესაუბრა. კანონი პირველიდან მეათე მუხლის ჩათვლით გასაუქმებელია. სწორედ ამიტომ დაამატა პრეზიდენტმა მე-11 მუხლი, რომ აღნიშნულმა კანონმა იმუშაოს მხოლოდ ერთი დღე.
აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე მიღების წესია ჩვენთვის მიუღებელი. ეუთო/ოდირ-ის დასკვნა, ვენეციის კომისიის დასკვნა პირდაპირ მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონი უნდა გაუქმდეს. ამას ამბობს პრეზიდენტის ვეტოც, რომ აღნიშნული კანონი თავიდან ბოლომდე მიუღებელია, ხელის შემშლელია ევროინტეგრაციის გზაზე და უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ კანონი გაეუქმებინა“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
გიორგი მსხილაძის განმარტებით, ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ აღნიშნული კანონის მიღებით ზიანდება ქვეყანა და ექმნება საფრთხე სახელმწიფოებრიობას.
„ეს ძალიან დიდი საფრთხის წინ აყენებს ჩვენს ქვეყანას. ჩვენი სანქცირება გაგიხარდებათ ან არ გაგიხარდებათ, ამაზე არ არის საუბარი. აქ ქვეყანაზეა საუბარი, თორემ ვის რაში აინტერესებს პიროვნებები, ვის რა სანქციებს დაადებენ და ვის რა თანხას ან ქონებას ჩამოართმევენ? ქვეყანას ექმნება პრობლემა ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა.