თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის, საინფორმაციო კამპანია „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ მიმდინარეობს. კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ქალებში კიბოს დროულ გამოვლენასა და დიაგნოსტიკას, პრევენციულ ღონისძიებებს და მკურნალობის დროულ დაწყებას.
კამპანიის ფარგლებში თბილისის საკრებულოში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა და ,,ევროპა დონა საქართველოს’’ ხელმძღვანელმა ანა მაზანიშვილმა საკრებულოს აპარატის თანამშრომლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. კამპანია რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მასში ჩართული არიან როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა შეხვედრაზე კამპანიის საჭიროებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კიბოს დროული დიაგნოსტიკისა და პრევენციის შემთხვევაში, შესაძლებელია თანამოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა.
„ თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამები იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსახლეობამ დიაგნოსტიკა უფასოდ ჩაიტაროს და მკურნალობის ინდივიდუალური პროცედურები დაიგეგმოს. სწორი, თანმიმდევრული და სტრატეგიული საინფორმაციო კამპანიით შევძლებთ საბოლოოდ შევამციროთ დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევები. მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი კამპანიის ფარგლებში მსგავსი ტიპის შეხვედრები სხვადასხვა საჯარო უწყების თანამშრომლებთანაც გაიმართება,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა
ქალთა ონკოლოგიური დაავადების პრევენციისთვის კერძოს და საჯარო უწყებებში დაგეგმილია უფასო სკრინინგის ჩატარება, ასევე საკრებულოს თანამშრომლებისა და ბენეფიციარების ერთობლივი სპორტული აქტივობები, ფოტო კამპანია და სხვადასხვა გამოწვევა სოციალურ ქსელში.
თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს უფასო სკრინინგის ჩატარება შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ:
საბურთალო- მ.ალექსიძის ქ. N1; დიდუბე-ა.წერეთლის გამზირი N 69; ვარკეთილი- კალოუბნის ქ.N 12; გლდანი-გლდანის 4 მ /რ 113ა.