ფრანგული გაზეთი „ლე პარიზიენი” (Le Parisien) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომი უკრაინაში და რუსეთის ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობა. პუტინი როგორც 2023 წლის გამარჯვებული“ (ავტორი – ანრი ვარნიე). აქვე შევნიშნავთ, რომ მასალაში გადაჭარბებული ოპტიმიზმია გამოხატული.
„2024 წლის მარტში ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აქვს განზრახული – მან თავისი კანდიდატურა უკვე წამოაყენა. იგი მეხუთედ აპირებს ბალოტირებას რუსეთის მეთაურის პოსტზე. ზოგიერთები ამბობენ, რომ მას კონკურენტები ჰყავსო, მაგრამ ეს ძალიან ხმამაღლაა ნათქვამი და გადაჭარბებულად. „ვლადიმერ პუტინი არასდროს არ ყოფილა ისეთი პოპულარული, როგორიც ახლაა. დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, – გვითხრა ამას წინათ პარიზში ერთ-ერთმა რუსმა დიპლომატმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. შეიძლება ეს ნათქვამი ვინმემ ისე ჩათვალოს, რომ რუსი „აპარატჩიკი“ პრეზიდენტისადმი ერთგულებას გამოხატავს, მაგრამ არა, ეს სინამდვილეა. 2023 წელი კრემლის ბატონ-პატრონისათვის საკმაოდ კარგი შედეგით დასრულდა. იგი 2023 წლის გამარჯვებულად შეიძლება ჩაითვალოს“, – ასე იწყება „ლე პარიზიენში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ვლადიმერ პუტინის საქმიანობის შეფასებაა მოცემული.
2023 წელს რუსეთის არმიამ ჩაშალა უკრაინის არმიის კონტრშეტევა. რუსეთის ეკონომიკა, ომისა და მკაცრი დასავლური სანქციების მიუხედავად, მეტ-ნაკლებად სტაბილურად ვითარდებოდა. რუსულმა დიპლომატიამ დასავლეთის მიერ გამოცხადებული იზოლაცია გაარღვია. რუსული საზოგადოება, შეიძლება ითქვას, ერთიანია და მხარს უჭერს პრეზიდენტს. „მოკლედ, 2023 წელს თამამად შეიძლება ეწოდოს „პუტინის წელი“, – წერს ავტორი ანრი ვარნიე.
აქედან გამომდინარე, 2024 წლის მარტისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები კრემლის ბინადარისათვის მხოლოდ უბრალო ფორმალობაა – მას პრეზიდენტად ყოფნა პრაქტიკულად გარანტირებული აქვს. ბოლო დროს რუსეთის ფედერაციამ, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, დაადასტურა, რომ იგი სიცოცხლისუნარიანია და ყველა გამოცდას უძლებს.
„პუტინი იღბლიანია, რომელსაც შეუძლია ყველაზე რთული და მძიმე სიტუაციებიდან პრაქტიკულად უვნებლად გამოვიდეს და მის წინააღმდეგ მიმართული მოვლენები თავის სასარგებლოდ შეაბრუნოს“, – ნათქვამია სტატიაში.
„გასულმა წელმა პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ იგი სწორად მოქმედებს რამდენიმე მიმართულებით:
პირველი – რუსეთი ძველებურად ლიდერის პოზიციებს იკავებს უკრაინის ომში. კიევის კონტრშეტევა ჩაიფუშა, უკრაინის ელიტაში განხეთქილება გაჩნდა, დასავლეთში ეჭვები მატულობს. რუსეთს მობილიზაციის თვალსაზრისით, პრობლემები არ აქვს. რუსეთის არმიას ისევ აქვს დაკავებული უკრაინის ტერიტორიის 20%, მისი თავდაცვის ზღუდეები ურყევია და უკრაინის არმიას გამაგრებული ხაზის გადალახვა არ შეუძლია;
მეორე – რუსეთის ეკონომიკამ, ექსპერტთა გასაკვირად, მნიშვნელოვანი მდგრადობა გამოამჟღავნა. ბიუჯეტი უძლებს როგორც ომის ხარჯებს, ასევე მოსახლეობისათვის სოციალურ ტრანსფერტებს. გარდა ამისა, როგორც დრომ აჩვენა, რუსეთი წარმატებით უვლის გვერდს დასავლურ სანქციებს, რითაც დასტურდება, რომ ვერც აშშ და ვერც ევროკავშირი თავიანთი შეზღუდვებით რუსულ ეკონომიკას ვერ დაანგრევს;
მესამე – რუსულმა დიპლომატიამ მოხერხებულად ისარგებლა იმ პოლიტიკური თამაშებით, რომლებშიც გლობალური სამხრეთია ჩაბმული და რომელიც გარკვეულწილად დასავლეთისადმი წყენით არის განპირობებული. რუსეთმა ტავი დააღწია საერთაშორისო იზოლაციას. ვლადიმერ პუტინის ამასწინანდელმა ვიზიტმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და საუდის არაბეთში აჩვენა, რომ იგი ისეთი „გარიყული“ არ არის, როგორც ამის წარმოდგენას დასავლეთი ცდილობს.
„მოკლედ, 2023 წელი კრემლის ბინადარისათვის საკმაოდ მაღალ ნოტაზე დამთავრდა“, – ასკვნის სტატიის ავტორი, – დრო ვლადიმერ პუტინის მხარეზეა, რუსეთი თავს მტკიცედ გრძნობს შინაც და გარეთაც. შესაბამისად, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მას ქვეყანა სტაბილური და სწორი კურსით მიჰყავს“.