“პუტინი მისთვის საჭირო მეგობრებს ეძებს, პოულობს და დასავლეთის პარალიჩით სარგებლობს”-The Times

ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინი მისთვის საჭირო მეგობრებს ეძებს, პოულობს და დასავლეთის პარალიჩით სარგებლობს“ (ავტორი – მარკ გალეოთი, პოლიტოლოგიის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

იმ დროს, როცა ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები ვაშინგტონის სამიტის შემდეგ სულ უფრო მეტ მიზეზებს ეძებენ იმისათვის, რომ უკრაინა ალიანსის წევრად არ მიიღონ, ჩნდება კითხვა: მართლაც ჰგონიათ თუ არა მათ, რომ რუსეთს უკრაინის ომი გამოფიტავს და მის ეკონომიკას დაანგრევს? დიახ, დასავლელ ლიდერებს ჰყავთ ისეთი ექსპერტები, რომლებიც მათ არწმუნებენ – „გრძელვადიან პერსპექტივაში კრემლი შეეცდება, მოკავშირეების დახმარებით, ნატოს ბლოკის წევრები დაჯაბნოს, მაგრამ დასავლეთის ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკას 20-ჯერ აღემატება. მხოლოდ დროა საჭირო და რუსეთი ვერ გაუძლებს, უკან დაიხევს“.
ასეთია დასავლური სტრატეგია. მაგრამ ირონია იმაში გამოიხატება, რომ ვლადიმერ პუტინს მართლაც აქვს უკრაინის გამოფიტვის შესაძლებლობა და აი, რატომ: კრემლი ეძებს მეგობარ-მოკავშირეებს და მათ კიდეც პოულობს, მოსკოვი დასავლეთის პარალიჩს თავისი ინტერესებისათვის იყენებს.

დასავლეთის მცდელობები – როგორმე სანქციებით დაეშინებინათ რუსეთი და იზოლაციაში მოექციათ – წარუმატებლად (ან უკეთეს შემთხვევაში, ნაწილობრივი წარმატებით) დასრულდა. ამის რამდენიმე ნიშანდობლივი გამოხატულება:

პირველი – მოსკოვმა მოახერხა და მესამე ქვეყნების დახმარებით თითქმის სრულად აინაზღაურა ის დანაკლისი, რაც ომის პირველ წელს დასავლურმა სანქციებმა და ემბარგოებმა მიაყენეს.
მეორე – დასავლეთმა ვერ გაითვალისწინა და ვერ გათვალა ის მომენტი, რომ „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს თავიანთი საკუთარი ინტერესებიც აქვს: იმ დროს, როცა დიდ ბრიტანეთს ეგონა, რომ ინდოეთი (მისი ყოფილი კოლონია) დაარწმუნა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის მოცულობის შემცირებაში, უეცრად პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მოსკოვში ჩადის, ვლადიმერ პუტინი მას ძველი მეგობარივით – ხვევნა-კოცნით – ხვდება და მასთან სავაჭრო და სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებს.
მესამე – თავის მხრივ მოსკოვი წარმატებით ავითარებს პრაგმატულ თანამშრომლობას „გლობალურ სამხრეთთან“, რაშიც აშკარად იგრძნობა კრემლის უპირატესობა – ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში და არაბულ სამყაროში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში…
მეოთხე – მსოფლიოს სხვა რეგიონებზე რომ არაფერი ვთქვათ, რუსეთი აშკარად ცდილობს უთანხმოების შეტანას ევროატლანტიკურ ერთიანობაშიც, სადაც მას მრავალწლიანი მოკავშირეები თუ არა, მხარდამჭერები მაინც ჰყავს უნგრეთისა და სლოვაკეთის სახით. ასე მაგალითად, გასულ პარასკევს მოსკოვში „დასავლეთისაგან გარიყულ და ხელჩამოურთმეველ“ ვლადიმერ პუტინს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია – პირველი ევროპელი ლიდერი კრემლში ომის დაწყებიდან ორწლინახევრის შემდეგ. ეს არის ბრიუსელის სირცხვილი.
და ბოლოს, მაშინ როცა რუსეთში (ამ ეტაპზე მაინც) პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა შეინიშნება, თვით დასავლეთში ქაოსისა და გამოფიტვის სიმპტომები ფართოვდება. ევროპაში სულ უფრო ძლიერად გაისმის ხმები (განსაკუთრებით ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის არჩევის შემდეგ) – რამდენად შეიძლება უკრაინას სამხედრო დახმარება დაუსრულებლად გავუწიოთ და ხომ არ ვუბიძგოთ კიევს მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისაკენ?

პლუს კიდევ ერთი მრისხანე არგუმენტი: ის, რაც ბოლო დღეებში აშშ-ში – დასავლეთის ციტადელში – ხდება, აშკარად მიანიშნებს იმას, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატებას, დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპი მიაღწევს, რომელიც უკრაინისადმი დახმარების გაგრძელების წინააღმდეგია (ანუ ამ საკითხში ევროპის მოწინააღმდეგე), რაც კრემლს აბსოლუტურად აწყობს. დასავლეთი დღეს გაყოფილია, პოლარიზებული და ეს ტენდენცია, როგორც ჩანს, კიდევ გაგრძელდება. ვის აწყობს ეს და ვინ ისარგებლებს ამით? რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი.

წყარო: