პროკურორები ტრამპის საქმეზე განაჩენის გამოცხადების გადავადებას ითხოვენ – BBC

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმის პროკურორები განაჩენის გამოცხადების გადავადებას მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ითხოვენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საქმე ეხება 2016 წლის მოვლენებს, როცა, პროკურატურის მტკიცებით, ტრამპმა პორნოვარსკვლავს სტორმი დენიელს ფული გადაუხადა, რათა ის გაჩუმებულიყო. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ტრამპმა ამით 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების წესები დაარღვია.

ტრამპის ადვოკატები საქმის შეწყვეტას მოითხოვენ, თუმცა პროკურორები ამის წინააღმდეგი არიან. ბრალდების მხარე შუამდგომლობს სასამართლოსთან, რომ მხოლოდ განაჩენის გამოცხადება გადავადდეს. მხარეებს საკუთარი შუამდგომლობების დასაბუთებისთვის 9 დეკემბრამდე აქვთ ვადა.

რაც შეეხება თავად სისხლის სამართლის საქმეს, მასალების თანახმად, ტრამპმა პორნოვარსკვლავს 130 ათასი დოლარი გადაუხადა, რათა მას 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას ხმა არ ამოეღო იმის შესახებ, რომ წლების წინ ტრამპთან სექსუალური კონტაქტი ჰქონდა. გამოძიება ტრამპს ედავება იმას, რომ მან ეს თანხები მის დოკუმენტაციაში არ ასახა.