პროფესიული გადამზადების პროგრამის “ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტი” კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

2023 წლის 10 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამის „ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტი“ კურსდამთავრებულებს განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

აღნიშნული სასწავლო პროგრამა შეიქმნა ფოლკსვაგენის ფონდის გრანტის: „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თბილისი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პრაქტიკული სწავლება – სტუდენტებისათვის ლაბორატორიის დაფუძნება და მასთან დაკავშირებული სასწავლო კურსი „მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში““ ფარგლებში.

პროგრამის მონაწილეებსა და კურსდამთავრებულებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა აღნიშნული პროფესიული სასწავლო პროგრამის მნიშვნელოვან მიზნებსა და ამოცანებს. სწორედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოჩნდა ის უმაღლესი სასწავლებელი, რომელმაც შეიმუშავა და დანერგა აღნიშნული პროექტი, რითაც მან კიდევ უფრო განიმტკიცა მისი მოწინავე და გამორჩეული ადგილი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცოცხალი ხიდია ქართველებსა და აფხაზებს შორის, თბილისსა და სოხუმს შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენი უნივერსიტეტი მზადაა ამ პროექტისა და პროგრამის განხორციელებაში ჩართოს ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთიდან. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთთან დააახლოვებს, – აღნიშნა პროფესორმა ზ. ხონელიძემ.

2015 წლის დეკემბერში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულური დიაგნოსტიკის და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა (www.cmdb.sou.edu-ge) მოიპოვა ფოლკსვაგენის ფონდის გრანტი: „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თბილისი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პრაქტიკული სწავლება – სტუდენტებისათვის ლაბორატორიის დაფუძნება და მასთან დაკავშირებული სასწავლო კურსი“ მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ ინიციატივის: „Between Europe and the Orient – A Focus on Research and Higher Education in/on Central Asian and the Caucasus” ფარგლებში (საერთო რაოდენობით 141 000 ევრო).

გრანტის განმახორციელებლები იყვნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტი.

ამ გრანტის ფარგლებში დაგეგმილი იყო ახალი სასწავლო კურსის დანერგვა „მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“-ში, რომელიც შეთავაზებული იყო ბიოლოგიის და მედიცინის ფაკულტეტის შერჩეული სტუდენტებისთვის.

პროექტის ფარგლებში DACUM მეთოდოლოგიით შემუშავდა პროფესიის სტანდარტი, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი ლაბორატორიული მედიცინის სფეროში, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი (ჩარჩო დოკუმენტი) და მოდულები.

თუმცა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონის დამტკიცებამ შეცვალა ფაქტობრივი მდგომარეობა, რის შემდეგაც გადაწყდა პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავება.

შესწავლილი იქნა არსებული სიტუაცია ამ სფეროში დასაქმების კუთხით, რის შედეგადაც გამოიკვეთა საშუალო რგოლის, პროფესიულ განათლებაში მომზადებული კვალიფიციური კადრების ნაკლებობა შრომის ბაზარზე.

2021 წლის ზაფხულში სოხუმის უნივერსიტეტს მიენიჭა პროფესიული გადამზადების პროგრამის „ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტი“ განხორციელების უფლება. პირველი კურსდამთავრებულები – 19 მსმენელი – უკვე 2022 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში, ასევე მედიცინის ბაკალავრის და ფარმაციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

პროგრამის მიზანია გადაამზადოს ბაკალავრები, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ლაბორატორიული მედიცინის კვალიფიციური კადრები, რომლებიც ეფექტურად დასაქმდებიან შრომის ბაზარზე.

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია შესაბამის სფეროში დასაქმებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს, პირს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ცოდნა აღნიშნული მიმართულებით, გაიუმჯობესოს პრაქტიკული უნარები და გახდეს კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრი ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად.

პროგრამაზე სწავლა ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, პროგრამის ხანგრძლივობაა 24 კვირა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების საფუძველზე სწავლება ხორციელდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიების კვლევით ცენტრში, სსიპ „ევექს ჰოსპიტლების“ , შპს „ავერსისა“ და დაავადებათა კონტროლის ლუგარის ლაბორატორიებში.

პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული იღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.

ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკურ ასისტენტი შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერი შემდეგი ტიპის სამედიცინო ლაბორატორიაში: ზოგად კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოლოგია-სეროლოგიური, მიკრობიოლოგიური, მოლეკულურ-გენეტიკური, (ჰისტოლოგია-ციტოლოგიური). ასევე, შეუძლია დასაქმდეს ექსპერტიზის ლაბორატორიაში, სისხლის ბანკში, ფლებოტომისტად შესაბამის პოზიციებზე.

იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმების მსგავს რეგულაციას არსებული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, შემდეგ ნაბიჯად გადაწყვეტილია ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციის გავლა პროფესიათა ჩამონათვალში ამ კატეგორიის დამატების შესახებ.

პროგრამის იდეასა და მიზნებს მაღალი შეფასებები მისცეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნათია გვირჯიშვილმა; ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო – ზრდასრულთა განათლების მიმართულების მენეჯერმა ანა შენგელიამ; სს „ევექს ჰოსპიტლები“ – სისხლის ბანკისა და ლაბორატორიული სერვისების კომერციულმა მენეჯერმა ნინო აბესაძემ; „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მმართველმა მენეჯერმა მაია ალხაზაშვილმა; შპს „ავერსის კლინიკის“ ლაბორატორიული ქსელის ხელმძღვანელმა ნანა ძნელაძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნესტან კეკელიამ და კურსდამთავრებულმა დარეჯან ირემაშვილმა.

გამოსვლებისას განსაკუთრებული ხაზი გაესვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის გადამწყვეტ როლს ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებაში და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომ სწორედ ამ უმაღლეს სასწავლებელში, მის მაღალ კვალიფიცირებულ პროფესურას უნდა წარემართა ეს უნიკალური პროფესიული გადამზადების პროგრამა.

2023 წლის 10 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამის „ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტი“ კურსდამთავრებულის განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ თინათინ გიგაშვილს, მაია ალიბეგაშვილს,  ლალი შალიკაშვილს, რუსუდან გობრონიძეს, გაგი ფეიქრიშვილს, ნინო ამირაშვილს, მარი ფანოზიშვილს, გვანცა ივანიძეს, მაგდა დვალიშვილს, მერი ბებიას, მაკა ქააძეს, გიორგი გიგაურს, ელენე პაქსაშვილს, თეონა ბეჟუაშვილს, თეკლე ყალიჩავას, ხათუნა ორმოცაძეს, ნინო უნდილაშვილს, დარეჯან ირემაშვილსა და როზა დარჯანიას.

პროფესიული გადამზადების პროგრამის „ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტი“. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი (https://www.sou.edu.ge/news/cxaddeba-miReba-profesiuli-gadamzadebis-programaze-%E2%80%9Elaboratoriis-samedicino-teqnikuri-asistenti%E2%80%9C/1191).