„აქ მოვისმინე ბრალდებები, რომ თურმე ოპოზიცია უშლის ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებას. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება კანდიდატის სტატუსზე მუშაობის გამო, არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი თქვენი მხრიდან“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ეს შეხვედრები ევროპის დედაქალაქებში ერთობლივად ეწარმოებინათ. რაზეც ოპოზიცია დათანხმდა, ხოლო ხელისუფლების გუნდი არა.
„თუ სტატუსი გინდათ, თუ ერთად მუშაობა და კონსენსუსი გინდათ, რატომ არ გინდოდათ რომ ერთად შემდგარიყო ეს ვიზიტები? იმიტომ, რომ თქვენ არ გინდათ სტატუსის მიღება.
რაც შეეხება ოპოზიციის როლს და მის მუშაობას, სად არის „ლელოს“ კანონპროექტების განხილვა მაინც, სასამართლოსთან დაკავშირებით, კორუფციასთან დაკავშირებით, და ყველა საკვანძო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც 12 რეკომენდაციაშია. ჩვენ ოფიციალურად დავარეგისტრირეთ და წარმოგიდგინეთ კონკრეტული ხედვები, რომლის ირგვლივაც არის ფართო კონსენსუსი, როგორც საპარლამენტო ოპოზიციაში ასევე ექსპერტების წრეებში. თქვენ ხელოვნურად ბლოკავთ ამ კანონპროექტების განხილვის დაწყებასაც კი. კარგი იქნება ბიუროს წევრებმა ამაზე განმარტებები გააკეთოთ, რატომ იყენებთ საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.