პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება.
აღნიშნულის თაობაზე გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც კანდიდატურების საკითხი უნდა განეხილათ.
მისივე თქმით, ხომერიკი და ყეინიშვილი კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდნენ, რაც მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაც მიუთითებს.
„როგორც ჩანს, 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ერთპიროვნულად მიიღო და ეს არ იყო ეროვნული ბანკის წევრებთან შეთანხმებული. ამ პირობებში პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ახალი კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი, არ გაუქმდება ბრძანება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და არ გამოსწორდება სიტუაცია ეროვნული ბანკის გარშემო. კანდიდატები წარმოდგენილნი არ იყვნენ კომიტეტის სხდომაზე, ეს ასევე მეტყველებს მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაზე. უკან გაწვევის რა მექანიზმები არსებობს, დეტალებში არ შევალ, რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, თუ ვინმე მას არღვევს, არღვევს უმრავლესობა კონსტიტუციის 68- ე მუხლს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი და მის საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევა დაუშვებელია და ყოვლად მიუღებელი. თუ ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატები თვითონ იტყვიან უარს, ავტომატურად ნიშნავს, რომ გაწვეული არიან. თუ უარს არ იტყვიან, კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით ასეთი თანხმობა არ არსებობს. თუ უყრიან კენჭს და გადაწყვეტილებას მიიღებენ მათი ნება იქნება”, – განაცხადა მსხილაძემ.