“პოკროვსკის უკანასკნელი დღეები – ქალაქს რუსეთის ჯარები უახლოვდებიან”-The Wall Street Journal

ამერიკული გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) აქვეყნებს სტატიას სათაურით: “პოკროვსკის უკანასკნელი დღეები: ქალაქს რუსეთის ჯარები უახლოვდებიან, მოსახლეობა მშობლიურ ქალაქს ემშვიდობება, ბევრი კი ტრანშეებს თხრის თავდასაცავად“ (ავტორი – მეთიუ ლაქსმორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პოკროვსკი – უკრაინის ფრონტისპირა ქალაქი. ადგილობრივი ხაბაზი პურს მხოლოდ ღამ-ღამობით აცხობს, რომ ქალაქიდან წამსვლელებს შესაძლებლობა ჰქონდეთ საგზაოდ ლუკმა-პური წაიღონ, ხოლო სამხედრო მოსამსახურეებს – დანაყრების საშუალება. ქალაქში მხოლოდ ერთი სუპერმარკეტი მუშაობს, მისი ვიტრინები შეფიცრულია, თაროები კი ნახევრად ცარიელი, სურსათი თითქმის არ არის. ქალაქის მისადგომებთან მეშახტეები ტრანშეებს თხრიან, რათა რუსების ჯარების წინსვლა როგორმე შეანელონ. პოკროვსკის ეკლესიის წინამძღვარი, მეუფე ვადიმი მოსახლეობას, სანამ ისინი დასავლეთისაკენ შორეულ გზას გაუყვებიან, აღსარებაზე იწვევს და შემდეგ ამ სიტყვებით ლოცავს – „უფალს ებარებოდეთ!“.

ორ წელიწადნახევრიანი ომის განმავლობაში რუსეთი ათობით უკრაინულ ქალაქს საარტილერიო და საავიაციო დაბომბვებით ანგრევდა, შემდეგ კი რუსული არმია მიწასთან გასწორებულ, ფანტასტიკურ მოჩვენებად ქცეულ ქალაქებში შედიოდა და იკავებდა. შემდეგი ასეთი ქალაქი პოკროვსკი იქნება.

უკრაინა აგვისტოს დასაწყისში კურსკის ოლქში შეიჭრა, რომ დონბასში შექმნილი მძიმე სიტუაცია როგორმე შეემსუბუქებინა და პოკროვსკიდან მოსკოვის ძალები კურსკის ფრონტზე მიეზიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მოტყუვდა: კრემლმა მხოლოდ გააორმაგა შეტევების ძალა პოკროვსკზე და ახლა რუსეთის ჯარების მოწინავე ქვედანაყოფები ქალაქიდან 8 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან. იმიტომ, რომ პოკროვსკი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია – მსხვილი სატრანსპორტო, სამრეწველო და ლოჯისტიკური კვანძი. მართალია, რუსეთი ამ ქალაქს ისე არ ბომბავს, როგორც ბახმუტს ან ავდეევკას ბომბავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პოკროვსკიც მათ ბედს გაიზიარებს – უკრაინის არმიის სარდლობას ქალაქის შენარჩუნება სურს, რუსეთის არმიას კი მისი დაუფლება.

თუ კრემლის არმია ქალაქს აიღებს, ამით ვლადიმერ პუტინის ოცნება შესრულდება – რუსეთი მთელ დონეცკის ოლქს დაიპყრობს. „ვინ შეაჩერებს რუსებს?“, – ეს კითხვა ბევრ ადგილობრივ მოსახლეს უჩნდება, რომლებიც გამალებით მუშაობენ და თავდაცვით ზღუდეებს აგებენ ქალაქის მისადგომებთან. უკრაინის არმია თავდაცვისათვის ემზადება, მაგრამ… ძალები უთანასწოროა.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში პოკროვსკში სიცოცხლე ჩქეფდა, რადგან საომარი მოქმედებები ქალაქიდან შორს მიმდინარეობდა. გაიხსნა ახალი სუპერთანამედროვე სავაჭრო ცენტრი… დასასვენებელი პარკები ბავშვებით იყო სავსე. ახლა კი საბავშვო ბაღები, სკოლები და პარკები ცარიელია. სუპერმარკეტი დაკეტილია, რადგან რუსეთის არტილერიის პოტენციური სამიზნე შეიძლებოდა გამხდარიყო. ამჟამად პოკროვსკისაკენ ძირითადად სამხედრო ამუნიციით და იარაღით დატვირთული ტექნიკა მიდის, იქიდან კი მშვიდობიანი მოსახლეობა, ევაკუირებულები დასავლეთისაკენ მიდიან. ქალაქში ჯერ კიდევ დარჩენილი პენსიონერები გრძელ რიგებს იკავებენ დახმარების მისაღებად. როგორც ამბობენ, ოდესღაც 80-ათასიან ქალაქში ჯერ კიდევ რჩება 30 ათასამდე მცხოვრები – მიუხედავად იმისა, უკვე ასობით მოქალაქე მიემგზავრება ყოველდღიურად უკრაინის დასავლეთ რეგიონებში – მატარებლებით, ავტობუსებით, პირადი ტრანსპორტით…

ქალაქის ხელისუფლებას მიაქვს სხვადასხვა ქონება და მოწყობილობები ქარხნებიდან, საავადმყოფოებიდან და დაწესებულებებიდან. იხურება ის სკოლები და კულტურული ცენტრები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გარემონტდა და მოდერნიზებული იქნა. ყველაფერი მიაქვთ – სასკოლო მერხები, დაფები და თეატრალური კოსტიუმებიც კი, რომ რუსებს არაფერი ხელში არ ჩაუვარდეთ.

სამოქალაქო პაციენტებიც გაჰყავთ ჰოსპიტლებიდან და საავადმყოფოებიდან, მათ შორის სამშობიაროებიდანაც – ფეხმძიმეები და ახლად დაბადებულები. ამჟამად ჯანდაცვის ყველა დაწესებულება მხოლოდ ფრონტიდან დაჭრილი სამხედროების მკურნალობაზე არიან გადასულები.

„ადრე ჩვენ ვიღებდით ლტოლვილებს, ახლა კი ლტოლვილებად ჩვენი მცხოვრებლები გადაიქცნენ“, – ამბობს პოკროვსკის მერის მოადგილე მარგარიტა იდრისოვა, – არ ვაპირებდით ევაკუაციას, გვჯეროდა, რომ ჩვენი არმია დაგვიცავდა… სამწუხაროდ, ახლა იძულებული ვარ მოსახლეობა დავარწმუნო, რომ სანამ არ დაგვიანდება, ქალაქიდან წასვლა მოასწრონ. რა თქმა უნდა, ისევ გვაქვს ჩვენი არმიის იმედი, მაგრამ საარტილერიო დაბომბვის დროს გადარჩენა ძნელია“.
პოკროვსკში უკრაინაში ყველაზე დიდი კოქსური ქვანახშირის საბადოა – აქაური „შავი ოქრო“ ძირითადად სამხედრო მრეწველობას ხმარდება. ბოლო დღეებში მეშახტეები თავიანთი ტექნიკით ქალაქის აღმოსავლეთით მუშაობენ და ღრმა ტრანშეებს თხრიან, რუსულმა ტანკებმა რომ ვერ გაიარონ.

პოკროვსკს რუსები უახლოვდებიან. ქალაქი, შეიძლება ითქვას, უკანასკნელ მეტ-ნაკლებად მშვიდობიან დღეებს ითვლის. მატარებლები დასავლეთისაკენ მიემართებიან. მეშახტე დიჩკო ოჯახს აცილებს. იგი, რკინიგზის სადგურის ბაქანზე მდგომი, ვაგონის სარკმელში შვილს – 8 წლის მტირალ ილიას უყურებს და იღიმება. „ნუ ტირი, ჩემო ბიჭო, მამას ძალიან უყვარხარ, ჩემი ღიმილი მთელ გზაზე გაგყვება“.

მოამზადა სიმონ კილაძე

წყარო: