პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება

პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება,- ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში შეტანილ ცვლილებაში – „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება პაციენტების ინტერესების გათვალისწინებითა და მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით იქნა მიღებული. კერძოდ: საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი იქნება – 10%, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა; 0-5 წლ. ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის – 20%, – არა უმეტეს 1 000 ლარისა; აგრეთვე საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის – 30%, – არა უმეტეს 1 500 ლარისა. იხსნება საბაზისო პაკეტის ფარგლებში არსებული ფრანჩიზა 500 და 1000 ლარი“,- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე აგრეთვე დამტკიცდა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგიის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყანაში არაგადამდები დაავადებების მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებზე დაფუძნებულ ხედვას წარმოადგენს და მიზნად ისახავს არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებას.