უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინამ უკვე გადალახა ის ზღვარი, როცა ომის ყველაზე „ცუდი სცენარი“ იყო მოსალოდნელი.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
შეკითხვაზე, შედის თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში, რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ყველაზე ცუდი სცენარი უკვე უკან ჩამოიტოვა და ის მიიჩნევს, რომ ქვეყანა ომის ახალ ეტაპთან დგას, რადგანაც სხვა მიმართულებით იწყებს კონტრშეტევებს.
„ჩვენ ბრძოლის ველზე სტაბილიზაციის ეტაპზე ვართ, ქვედანაყოფების მცირე გადაადგილებით შევქმენით კარგი შემაკავებელი გარემოებები“, – განაცხადა რეზნიკოვმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთთან ომში უკრაინისთვის ყველაზე სახიფათო საერთაშორისო საზოგადოების „დაღლის სინდრომია“.
„მე ამას ვეძახი „დაღლის სინდრომს“ და ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საფრთხეა. ჩვენ გვჭირდება, რომ ვიმუშაოთ ამ საფრთხის წინააღმდეგ. უნდა ვისაუბროთ, როგორც ახლა მე თქვენ გესაუბრებით, ვთხოვოთ ადამიანებს, არ დაიღალონ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა რეზნიკოვმა.