ოკუპირებულ აფხაზეთში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საცურაო კოსტიუმით გადაადგილების შემთხვევაში მოქალაქეები დაჯარიმდებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში, 1-ელი აგვისტოდან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასათანადოდ ჩაცმული მოქალაქეები დაჯარიმდებიან, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ვიმედოვნებ, რომ ტურისტები დაიცავენ კანონის დებულებებს. ჩვენი მიზანი დაჯარიმება არ არის, არამედ უბრალოდ საჭიროა, რომ ადამიანებმა სათანადოდ ჩაცმულებმა იარონ. იმედი მაქვს, ინფორმირების გზით ეს საკანონმდებლო ნორმა გავლენას მოახდენს ჩვენს მოქალაქეებსა და სტუმრებზე და ისინი დაიცავენ ელემენტარულ წესებს“, – განაცხადა ე.წ. „პარლამენტის” წევრმა, დაუტ ხუტაბამ ადგილობრივ მედიასთან საუბარში.

8 ივნისს, ე.წ. დეპუტატებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანეს ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ტურისტები, რომლებიც ქუჩებში, სკვერებში, პარკებში შიშველი ტანით ან საცურაო კოსტიუმით გამოდიან 6 ათასი რუბლით დაჯარიმდებიან. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასათანადო ფორმით გამოჩენა ადგილობრივ მოსახლეობასაც ეკრძალება.