ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სხდომა დაიწყო, რომელზედაც „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ კანონპროექტის რატიფიკაცია იგეგმება, – ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი RESPUBLICA ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. სხდომას 21 „დეპუტატი“ ესწრება.

ე.წ. „პარლამენტის თავმჯდომარემ“ ლაშა აშუბამ აღნიშნა, რომ „ზოგიერთი დეპუტატი უარს ამბობს ასეთ პირობებში მუშაობაზე“.

„პარლამენტის“ სესიის პარალელურად, ე.წ. „საკანონმდებლო ორგანოსთან“ კანონპროექტის რატიფიცირების მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.

ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ადგურ არძინბას განცხადებით, ახლა დეპუტატთა ჯგუფი სპიკერთან იმყოფება და დაჟინებით მოითხოვს საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღონ.

საპროტესტო ტალღა სოხუმში რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება.