ნომერი ოთხი და პარტია „ახალი“ აუცილებლად მოხსნის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას პოლიტიკურ ჯადოს, – ამის შესახებ ნიკა მელიამ პარტია „ახლის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მელიას თქმით, დღეს, როგორც არასოდეს, საზოგადოებას, პოლიტიკურ ცხოვრებას სჭირდება სუფთა რეპუტაცია, კომპეტენცია, გამბედაობა, ახლებური მიდგომა და ეს ყველაფერი ამ გუნდში იქნება თავმოყრილი.
„სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკაში შეიკრა მანკიერი წრე და მანკიერმა წრემ ჩაკეტა პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი. ამ ჩაკეტილობამ გამოიწვია ურთიერთბრალდებები, უნდობლობა. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მძიმე გვერდითი ეფექტი არის სახეზე, როდესაც ხალხს, პრაქტიკულად, მოვწყდით და მხოლოდ ერთმანეთში ვსაუბრობთ. მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე იქნება ამ მოჯადოებული წრის გარღვევა. ნომერი ოთხი და პარტია „ახალი“ აუცილებლად მოხსნის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას პოლიტიკურ ჯადოს. აქ არავინ არავის გვერდით არ დგას, ჩვენ ერთმანეთს ვუდგავართ გვერდში და მჯერა, რომ ყველაზე რთულ, კომპლექსურ პრობლემას ხშირად აქვს მარტივი გამოსავალი და ეს გამოსავალი დღეს ჩვენ ვიპოვეთ. ეს მარტივი გამოსავალი ცოტა ხანში გადაიქცევა მომავლის იმედად და გამარჯვების რწმენად“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ პარტია „ახალში“ გაერთიანების შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადეს.