„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, უთანხმოებისა და კონფრონტაციის გაღვივებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით“, სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამ განცხადებას აბსოლუტურ სიმართლეს უწოდებს.
ქადაგიძის თქმით, ინფილტრაციის კლასიკურ მაგალითს, რომელსაც წლებია NED-ი ცდილობს, ის არაავთენტური პროცესები წარმოადგენს, როდესაც სარწმუნოებას ერთობით ცვლიან, „ლგბტ“ პროპაგანდას საზოგადოებისათვის აუცილებელ მოვლენად ასაღებენ, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას – რელიგიურ თავისუფლებად.
„აბსოლუტური სიმართლე!
ეს ორგანიზაცია აფინანსებს თითქმის ყველა ექსტრემისტულ პროცესს საქართველოში, ხან დემოკრატიის სახელით და ხანაც სამოქალაქო აქტივიზმის პოზიციონირებით.
სახელმწიფო უწყებების შტურმი, პოლიციელების ცოცხლად დაწვა და სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც გამოხატვის თავისუფლებითაა შეფუთული, ასეთი საერთაშორისო ფონდების ხელშეწყობით ფინანსდება.
ინფილტრაციის კლასიკურ მაგალითს, რომელსაც წლებია ცდილობს „დემოკრატიის ეროვნული ფონდი(NED)“ წარმოადგენს ის არაავთენტური პროცესები, როდესაც სარწმუნოებას – ერთობით გვიცვლიან, „ლგბტ“ პროპაგანდას საზოგადოებისათვის აუცილებელ მოვლენად გვასაღებენ, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას – რელიგიურ თავისუფლებად და ა.შ.
ინფილტრატებად აქციეს საზოგადოებში ყველაზე ურეიტინგო პერსონები – ზურაბიშვილები, გიგაურები, ლომჯარიები, ამორალური პოლიტიკოსები და ათასი რჯულის უსამშობლო, რომელთა მორალურ საზომად წარმოჩენით ცდილობენ, საზოგადოებაზე გავლენასა და ფსევდო-რეალობის შექმნას.
„დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ აისბერგის წვერია, იმ ყინულოვან ოკეანეში, სადაც უამრავი ორგანიზაცია, ფონდი, საელჩო და საერთაშორისო აქტორი, ჰიბრიდული მეთოდებით ებრძვის ეროვნულ იდეოლოგიებსა და მათთვის მიუღებელ ლეგიტიმურ მთავრობებს სხვა და სხვა სახელმწიფოებში.
დღევანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობიდან, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო და ეროვნული პოლიტიკური კურსის გამო ამოგვიღეს სამიზნეში და ყველა წლების წინ ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორი გააცოცხლეს და აამუშავეს საქართველოს წინააღმდეგ.
ამიტომაცაა 26 ოქტომბერი საყოველთაო რეფერენდუმი, სადაც არჩევანი მარტივია – სუვერენული საქართველო ან „შპს“ – საქართველო საერთაშორისო აქტორების ხელში!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.