“გაკვეთილი, რომელიც საქართველომ უნდა ისწავლოს ლონდონისა და პარიზის ქუჩებიდან”- ირანული გამოცემა Tehran Times-ის პრეზიდენტი ქართულ მედიას მიმართავს

ჰოლივუდის ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ელენა სატინა საინტერესოდ აღწერს ჩემს საყვარელ ფილმს „ნათლია“, რომლის შესახებაც ამბობს: საინტერესოა, როგორ შეუძლია მედიას მკვლელი და დაუნდობელი განგსტერების ასე რომანტიზება?!

როდესაც მთხოვეს, ქართული მედიისთვის ირანში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე დამეწერა, განსაკუთრებით ამ დღეების ქუჩის ქაოსზე, ინტერნეტში ვეძებდი, რომ გამეგო, თუ რა იცის ირანის ამ მეზობელი ქვეყნის საზოგადოებამ ჩვენი ქვეყნის შესახებ. როგორც ქართულ მედიაში ახალი ამბების გადახედვამ აჩვენა, ირანულ და ქართულ მედიასაშუალებებსა და ინტელექტუალებს შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს და ქვეყნები ერთმანეთის შესახებ ინფორმაციას მესამე მხარის და დასავლური პრესის საშუალებით ეცნობიან, და ცხადია, ირანთან დაპირისპირებული ქვეყნების პრესის ტენდენციურობა ქართულ საზოგადოებაში ირანის შესახებ ფაქტების ობიექტური სურათის ჩამოყალიბების საშუალებას არ იძლევა.

ვგრძნობ, რომ ასეთ ვითარებაში, მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი აზრი საქართველოში დასავლური და ანტიირანული ნარატივებითაა გაჯერებული, ბოლოდროინდელი მოვლენების ჩემეული ახსნა შესაძლოა არცთუ ისე ეფექტური იყოს. უპირველესად კი ქართულმა მედიამ და საზოგადოებამ უნდა გაიაზრონ ირანის განსაკუთრებული რეალობა და ვითარების სირთულე. ბოლო ოთხი ათწლეულის მანძილზე ირანი გახდა უკიდურესად მრავალმხრივი ოპერაციების სამიზნე (რვა წლიანი ომი ერაყთან და სადამ ჰუსეინის დასავლელი და რეგიონული მოკავშირეებისა ირანის წინააღმდეგ), ტერორისტული თავდასხმების (აფეთქებები და ბირთვული სფეროს მეცნიერების მკვლელობები), კიბერთავდასხმების (ვირუსი სტაქსნეტი და ა.შ.), ჯაშუშობის თუ კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო ეკონომიკური და სოციალური სანქციებისა და ყველაზე რთული და ფართო ანტიირანული კამპანიისა მედიაში. მათ, ვინც ყურადღებით ადევნებს თვალს ირანის თემებს, კარგად უწყიან, რომ ანტიირანული მედია ჩვეულებრივ საპროტესტო გამოსვლებსაც კი (როდესაც მაგალითად, მასწავლებლები აპროტესტებენ საკუთარ ხელფასს), ასახავენ, როგორც სახალხო ამბოხს და ანტისახელისუფლებო ბრძოლას. ამგვარ ვითარებაში, მშვიდობიანი პროტესტის ძალადობად გადაქცევა არც ისე რთულია.

მახსოვს, როდესაც 2009 წლის საპროტესტო გამოსვლები ძალადობრივ აქციებში გადაიზარდა, ბევრი ლიდერი და ექსტრემისტი, რომლებმაც ძალადობრივი მოქმედებებით საზოგადოებრივი ქონება დააზიანეს, დასავლეთის ქვეყნებში გაიქცა. იმ დროს მე ვიწინასწარმეტყველე, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ ბრიტანული და ამერიკული მედიის მხრიდან, ევროპის ქუჩებშიც მალე გამოავლენდნენ თავიანთ ძალადობრივ ხასიათს. ბოლო დღეების განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებმა რამდენიმე ირანელმა, ზოგიერთი ანტიირანული დაჯგუფების მოწოდებით, ქუჩის აქციები მოაწყო და ბევრ ადგილას მათი მხრიდან ძალადობრივ მოქმედებებს ჰქონდა ადგილი. ლონდონში მათ ქვები დაუშინეს პოლიციელებისა და სასწრაფო დახმარების მანქანებს. ამჟამად პოლიცია ამ მოძალადეთა იდენტიფიცირებას და დაკავებას ცდილობს. ისინი პარიზში პოლიციას დაუპირისპირდნენ. ნორვეგიისა და შვედეთის პოლიციას კი სიტუაციის დასაწყნარებლად ძალის გამოყენება დასჭირდა. წარმოიდგინეთ, როგორ ძალადობას მიმართავენ ისინი ირანის ქუჩებში. შესაძლოა, დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობამ ახლა მაინც გაიგოს, თუ რატომ უწევს ხანდახან ირანის პოლიციას ძალის გამოყენება ქუჩის ექსტრემისტების წინააღმდეგ. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანებს, რომლებიც ირანის ქუჩებში თავს დაესხნენ ხალხს, გაანადგურეს მანქანები, საზოგადოებრივი ქონება და ISIS-ის ტერორისტების მსგავსად, ყელი გამოჭრეს პოლიციის თანამშრომელს, დასავლური მედია “თავისუფლებისათვის მებრძოლებსა” და “პროტესტანტებს” უწოდებს.

ჩემმა წერილმა შესაძლოა ვერ შეცვალოს ქართულ საზოგადოებრივ აზრში მედია გიგანტების მიერ შექმნილი ანტი-ირანული იმიჯი, მაგრამ ნება მიბოძეთ, გაგაფრთხილოთ ისევე, როგორც გავაფრთხილე ევროპელები წლების წინ. ბოლო დღეებში გავეცანი ახალ ამბებს თბილისში გამართული ანტი-ირანული აქციების შესახებ და ის, რაც ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა, არის მკვეთრი განსხვავება ამ აქციების ორგანიზატორთა სპარსულ ენაზე გაკეთებულ განცხადებებსა და ინგლისურად ან ქართულად გამოხატულ პოზიციებს შორის. ინტერნეტში ძიებისას წავაწყდი ტელეკომპანია “იმედის” ინტერვიუს ანტი-ირანული შეკრების ერთ-ერთ ლიდერთან, სადაც ნაჩვენები იყო მისი უკიდურესად ემოციური და საბრალო სახე, მაგრამ აღნიშნული ტელეკომპანია თუკი გადახედავდა ამ ადამიანის ინსტაგრამის სპარსულ გვერდს, აშკარად დაინახავდა იმ საფრთხეს, რაც მისმა ყოფნამ შეიძლება შეუქმნას საქართველოს. ეს ადამიანი ინგლისურად მშვიდობასა და მეგობრობაზე საუბრობს, ამავდროულად კი ინსტაგრამის გვერდზე, ის ემუქრება იმ ირანელებს, რომლებიც მას არ აჰყვნენ. თავისი გვერდის გამომწერებს კი სთხოვს, მოიპოვონ ამ ადამიანთა პერსონალური ინფორმაცია, რათა ანგარიში გაუსწოროს მათ.

ქართულ მედიასა და ინტელექტუალებს ირანის შესახებ ნეიტრალური მედიასაშუალებებიდან რომ მიეღოთ ინფორმაცია, ბუნებრივია დემოკრატიის მხარდამჭერებად ვერ შერაცხავდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს ტერორისტულ ჯგუფებს და ირანის ქალაქებზე შეიარაღებულ თავდასხმებს, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ამ ექსტრემისტების ძალადობრივმა ქმედებებმა საქართველოს სტაბილურ და მშვიდ გარემოზეც მოახდინოს გავლენა. ნუ დავივიწყებთ იმ ევროპული ქვეყნების ბედს, რომლებმაც ირანის მოწინააღმდეგე ექსტრემისტებს უმასპინძლეს.

ავტორი: მოჰამედ შოჯაიანი, ირანული გამოცემა Tehran Times-ის პრეზიდენტი