“ნატოს 75 წელი უსრულდება, მაგრამ რა ეზეიმება ალიანსს?”-Foreign Policy

„ნატოს საიუბილეო სამიტზე წევრი სახელმწიფოები ორგანიზაციის შექმნის 75-ე წლისთავს იზეიმებენ, მაგრამ თუ ძალზე გაფართოებულ-გაზრდილი ბლოკი თავის პოლიტიკაში აუცილებელ კორექტივებს არ შეიტანს და უფრო რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის მიმართ ადაპტირებას არ მოახდენს, მაშინ ამჟამინდელი ერთიანობა, რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული, შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს“, – ნათქვამია სტატიაში, რომელსაც ამერიკული ჟურნალი Foreign Policy აქვეყნებს სათაურით „ნატოს 75 წელი უსრულდება, მაგრამ რა ეზეიმება ალიანსს?“ (ავტორი – ქრისტოფერ ჩივისი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

ორიოდე კვირის შემდეგ ვაშინგტონში – იქ, სადაც 1949 წელს ხელი მოაწერა ნატოს – ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის – შექმნის ხელშეკრულებას, ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურები შეიკრიბებიან, რომ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ესოდენ ხანგრძლივი არსებობის მორიგი იუბილე იზეიმონ.

მაგრამ ნამდვილად რომ წარმატებული იყოს, ალიანსმა არამარტო უნდა იარსებოს, არამედ ის თავისი წევრების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.
დღეს მოკავშირეები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის წინაშე დგანან, ერთიანები არიან, მაგრამ თუ ნატოს პოლიტიკაში ღრმა კორექტივები არ იქნება შეტანილი, რომელიც ძალიან გაფართოებულია რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის პირობებში და ბლოკი ადაპტირებას არ მოახდენს, მაშინ, როგორც ისტორია გვაჩვენებს, წევრი-ქვეყნების ერთიანობა შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს.
თანაც იმ დროს, როცა სამხედრო ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოების ტენდენცია შენარჩუნებულია – უკრაინა და მისი ახლო მოკავშირეები ბრიუსელს 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიცემული პირობის შესრულებისაკენ უბიძგებენ.

მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტორს, რომ 2008 წლის დაპირების დროს სულ სხვა გეოპოლიტიკური სიტუაცია არსებობდა, როცა რუსეთი შედარებით სუსტი იყო და კრემლი დღევანდელივით ძალიან მტრულად არ იყო განწყობილი დასავლეთის მიმართ.
უკრაინას, თავის მხრივ, ძალიან გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ ქვეყანა ნატოს სამხედრო და დემოკრატიულ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს.

და თუ ასეთ დროს ნატო უკრაინას წევრობას შესთავაზებს, ბრიუსელი თამასის დაბლა დაწევით ძალიან სარისკო ნაბიჯს გადადგამს, დამანგრეველ ომს გააჭიანურებს და უფრო მეტიც – უკიდურეს წერტილამდე მიიყვანს, რომლის შემდეგ გლობალური კატასტროფა შეიძლება მოხდეს.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ნატომ ათწლეულების განმავლობაში დიდ ქარტეხილებს გაუძლო, მაგრამ თვით ბლოკის არსებობის ფაქტი მისი წარმატების შემფასებელი კრიტერიუმი არ არის.

იმ პირობებში, როცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ახალი წევრებით ბევრად უფრო გაფართოვდა, ვიდრე შექმნის დროს იყო, ხოლო ამ გაფართოებით ინტერესთა თანხვედრა შემცირდა, ნატოს შიგნით არსებული დაძაბულობის რეგულირება სულ უფრო რთული იქნება, ვიდრე წარსულში იყო.

წყარო: